თამარ ტალიაშვილი: ელჩების კონფერენციის ფორმატი გამოხატულებაა იმ ერთიანობის, რომელიც არსებობს ხელისუფლების შტოებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის გარშემო, რაც არის საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ინტერესების დაცვა

თამარ ტალიაშვილი

საქართველოს ელჩმა შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2025“ და საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ინტერესების დასაცავად ხელისუფლების შტოებს შორის ერთიანობის მნიშვნელობა შეაფასა.

მისი თქმით, არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქვეყანაში მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა რაციონალური პოლიტიკის შედეგად მოხერხდა.

„ელჩების კონფერენციის ფორმატი არის შესანიშნავი გამოხატულება იმ ერთიანობის, რომელიც არსებობს ხელისუფლების შტოებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტის გარშემო, რაც არის საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ინტერესების დაცვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ურთულესი გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელიც საერთაშორისო გლობალური მასშტაბით არსებობს. ასეთ პირობებში სწორედ ერთიანობით რაციონალური პოლიტიკის მეშვეობით შესაძლებელი გახდა ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა, მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევა”, - განაცხადა ელჩმა.

თბილისში ელჩების ყოველწლიური კონფერენცია საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა. „კონფერენცია საუკეთესო შესაძლებლობას გვაძლევს, შევაჯამოთ განვლილი პერიოდი, შევაფასოთ არსებული რეალობა და დავსახოთ ის ამოცანები, რომლებიც მომავალ წელს ჩვენს დიპლომატიურ საქმიანობას განსაზღვრავს", - აღნიშნა მინისტრმა.