„სუსის საიდუმლო ინფორმაციით ვაჭრობა“ - რა არ უნდა გამოგრჩეთ 20 ივლისს

news

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია სოსო გოგაშვილის 8 ბინასა და 4 ავტომობილში ჩხრეკის ჩატარების შესახებ, „კურიერისთვის“კიდევ ერთი ინფორმაცია ხდება ცნობილი. საუბარია კიდევ ერთ უძრავ ქონებაზე, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში გოგაშვილების ოჯახს ეკუთვნის.

„კურიერის“ ინფორმაციით, 2020 წელს სოსო გოგაშვილი უკრაინაში გია ლორთქიფანიძეს შეხვდა, რომელიც ახლა უკრაინის კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანია.

„კურიერის“ ინფორმაციით, გოგაშვილმა ლორთქიფანიძეს გარკვეული ინფორმაცია გადასცა, რის სანაცვლოდაც მას სიღნაღში სასტუმრო „ხირსა“ გადაუფორმეს.

სასტუმრო გოგაშვილების ოჯახს საჩუქრად ბექა პაატაშვილმა და კახა ნინუამ გადასცეს, რომლებიც დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორები არიან.

იმას, რომ სასტუმრო „ხირსა“ მის სახელზეა გადაფორმებული „კურიერთან“ ადასტურებს სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი. თუმცა, ემოციური ფონის გამო დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს და ჟურნალისტებს პასუხებისთვის ადვოკატებთან ამისამართებს.

 

***

საბერძნეთში არსებული ხანძრების გამო, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და გავრცელებული მითითების შესრულებას სთხოვს.

„ძვირფასო თანამემამულეებო! ამჟამად ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკაში არსებული ხანძრის გამო, მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ საბერძნეთის შესაბამისი უწყებების მიერ გავრცელებულ მითითებებს, მათ შორის, გამოცხადების შემთხვევაში, ევაკუაციის მოთხოვნებს, აუცილებლობის გარდა ნუ გადაადგილდებით ჩრდილო-აღმოსავლეთ ატიკის რეგიონში. ამასთან, რეკომენდირებულია, დახუროთ კარებები და ფანჯრები.

შეგახსენებთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზი 6995779793.

აქვე მიგითითებთ შემდეგ ტელეფონის ნომრებს: საბერძნეთის პოლიცია - 100, სახანძრო სამსახური - 199, სასწრაფო დახმარება - 166.“ - ნათქვამია ბოლოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

***

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი ჟურნალ PLOS Medicine-ში გამოქვეყნებული დიდი კოჰორტული კვლევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ჩატარდა.

„კვლევის თანახმად, ადამიანებს, რომლებიც ავადდებიან Covid-19-ით, აქვთ დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოზის უფრო დიდი რისკი ინფექციის გავრცელებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში.
კვლევის მიხედვით გულისა და სისხლის მიმოქცევის პრობლემების რისკი, როგორიცაა არარეგულარული გულისცემა და ფილტვებში სისხლის შედედება, თითქმის ექვსჯერ მეტი იყო კოვიდ პაციენტებში, ვიდრე იმავე ასაკისა და სქესის არაინფიცირებულ ადამიანებში. ხოლო დიაბეტის შემთხვევაში, რისკი 80%-ით მაღალი იყო.

მეცნიერებმა შეისწავლეს ჯანმრთელობის ჩანაწერები 400,000-ზე მეტი Covid პაციენტისგან და იმდენივე ადამიანისგან, ვინც თავიდან აიცილა ვირუსი. ჩანაწერები მოწმდებოდა გულ-სისხლძარღვთა ან დიაბეტის ახალ დიაგნოზებზე 12 თვის განმავლობაში. ბოლო პაციენტზე დაკვირვება დასრულდა ამ წლის იანვარში.

ანალიზის თანახმად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილი რისკი ნორმალურ დონეზე ბრუნდებოდა კოვიდზე დადებითი ტესტიდან შვიდი კვირის შემდეგ, მაგრამ დიაბეტისთვის ახალი დიაგნოზის უფრო მაღალ პროპორციას თითქმის ექვსი თვე დასჭირდა საწყის დონეზე დასაბრუნებლად.

როგორც მკვლევრები იძახიან, ეს შედეგები საჭიროა ექიმებისათვის, რომ იცოდნენ თავიანთი პაციენტებისთვის პოტენციური გაზრდილი რისკის შესახებ, და კერძოდ, როგორ შეუძლიათ შეამცირონ დიაბეტის რისკი, გაუმჯობესებული დიეტისა და ვარჯიშის გზით.

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანოებისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის პირდაპირი დაზიანება, მკვლევრები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ბევრ ფაქტორს შეუძლია ასევე ახსნას კვლევის შედეგები.

მაგალითად, კვლევაში მონაწილე კოვიდ პაციენტებს უფრო მეტად ჰქონდათ ჭარბი წონა და ჰქონდათ უფრო მეტი ჯანმრთელობის პრობლემები, ვიდრე არაინფიცირებულ საკონტროლო ჯგუფს, რაც მათ შემდგომ მდგომარეობებზე გავლენას ახდენდა. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონოდა დიაგნოსტირებული დიაბეტი ან გულის პრობლემები, რომლებიც გამოვლინდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი დაინფიცირდნენ კოვიდით.

სხვა სიახლეები