„სტრასბურგში სამკურნალოდ ვარ ჩამოსული, მაგრამ ძალიან აქტიური ვარ“ -  რას აპირებს საფრანგეთში მყოფი გოგი წულაია

წულაია

„თავისუფალი საქართველოს“ ყოფილი წევრი გიგი წულაია სტრასბურგში იმყოფება. როგორც გოგი წულაია „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, სტრასბურგში ჩასვლის რეალური მიზეზი ჯანმრთელობას უკავშირდება.

წულაიას თქმით, სტრასბურგში თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით, სარჩელი ჯერჯერობით არ შეუტანია. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლას, ეს ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე იქნება დამოკიდებული.

გოგი წულაია: სტრასბურგში სარჩელი ჯერჯერობით არ შემიტანია. აქ სამკურნალოდ ვარ ჩამოსული, მაგრამ ძალიან აქტიური ვარ, აქციებზეც დავდივარ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში პრეზიდენტს მოხსნიან და უარესი სიტუაცია იქნება, მაშინ მანდ წამოსვლას არ ვიჩქარებ. თუ არა - ერთ თვეში ჩამოვალ.

- აპირებთ თუ არა სტრასბურგში თავშესაფრის მოთხოვნის მიზნით, სარჩელის შეტანას?

- დავაკვირები სიტუაციას,  ვნახოთ, რა იქნება. შეიძლება, ჩამოსასვლელად არც  ივარგოს მაგ ქვეყანამ, ისე მიდის ყველაფერი. ოპოზიცია ნულია, ისევ პარლამენტშია წამოპლაკული და იმის თავიც არ აქვს, რომ პარლამენტი დატოვოს. ხელისუფლებაა და ამ სიტუაციას იყენებს, პრეზიდენტს ისიც არ აპატია, რაღაც ორი რომ სიტყვა თქვა. ქვეყანა კატასტროფისკენ  მიექანება.

- საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, აპირებთ პოლიტიკაში აქტიურობას? 

- რა თქმა უნდა, გაგრძელდება. მე აქაც არ ვჩერდები, ევროსაბჭოსთანაც ვიყავი აქციაზე, ყველა უკრაინულ აქციას ვუერთდები, ხალხს ვხვდები და ვაქტიურობ. ჩემი ოჯახი ქუთაისშია, აქ მარტო ვარ და მიუხედავად ამისა, ვცდილობ, ყველგან დავაფიქსირო საკუთარი პოზიცია. აფხაზეთის თემაზეც ვსაუბრობ, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. ყველაფერს ვაკეთებ, რომ აქ საქართველოს სახელი დაფიქსირდეს.