1792180303
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 40 პროცენტით არის გაზრდილი, უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 25%-იანი ზრდაა, ვფიქრობ, შემდეგ წლებში, რაც უფრო პოპულარული გახდება ეს პროგრამა, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება - ლევან ჟორჟოლიანი
სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 40 პროცენტით არის გაზრდილი, უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 25%-იანი ზრდაა, ვფიქრობ, შემდეგ წლებში, რაც უფრო პოპულარული გახდება ეს პროგრამა, მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, სამინისტროებს მთავრობის ადმინისტრაციიდან აქვთ რეკომენდაცია, თუ ნახავენ ისინი ისეთ კადრებს, რომლებიც შესაძლებელია, რომ დაიტოვონ, მაქსიმალურად მოხდეს მათთან ურთიერთობის გაგრძელება.
„ჩვენ გვაქვს ორი მთავარი მიზანი, პირველი შანსი მივცეთ ახალგაზრდებს, რომ შევიდნენ პროფესიულ საქმიანობაში, პრაქტიკულ საქმიანობაში. უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის რეალიზება მოახდინონ. მეორე არის, რომ საჯარო სამსახურში საჭირო არის კვალიფიციური, ახალი, მოტივირებული კადრები და ვფიქრობთ, ახალგაზრდაზე ძალიან მოტივირებული არიან.
იცით, რომ პრემიერმა დააანონსა უმაღლესი განათლების რეფორმა და უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ ჩვენ ბაზარს უნდა მივაწოდოთ ისეთი კვალიფიციური კადრი, რისი მოთხოვნაც არსებობს. ბაზრის მოთხოვნები როგორც კონკრეტული პროფესიის მიმართულებით, ასევე კვალიფიკაციის მიმართულებით, უნდა იყოს თანხვედრაში იმ განათლების ხარისხთან და სტუდენტების რაოდენობასთან, რომელიც გვყავს“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.









