პატრიარქის მილოცვა ვეტერანებს: განსაცდელის ჟამს თავი არ დაგიზოგავთ, მამულის სიყვარული, თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ და უანგაროდ ემსახურეთ მას

შიო მესამე

დეკანოზმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მამა ანდრიამ (ჯაღმაიძე) ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა წაიკითხა. შიო მესამემ ვეტერანებს ჯანმრთელობა და მხნეობა უსურვა.

"ძვირფასო ვეტერანებო, პატივისცემით მოგესალმებით და გულითადად გილოცავთ ვეტერანთა დღეს! საქართველოს ისტორიამ სამშობლოს სიყვარულისა და თავგანწირვის არაერთი მაგალითი შემოგვინახა. რწმენითა და მამულის ერთგულებით განმტკიცებული ჩვენი წინაპრები საუკუნეთა განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ქვეყნის თავისუფლებას, ერთიანობას, მშვიდობას.

თქვენი ღვაწლიც ამ ღირსეული ისტორიის განუყოფელი ნაწილია. განსაცდელის ჟამს თავი არ დაგიზოგავთ, მამულის სიყვარული, თავდადება და სიმამაცე საქმით დაამოწმეთ და უანგაროდ ემსახურეთ მას.

გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და დღეგრძელობას.
სამწუხაროდ, ბევრი თქვენი თანამებრძოლი გამოაკლდა ამ წუთისოფელს. შევთხოვთ უფალს, მართალთა სავანეში დააწესოს მათი სულები.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგმადლოთ თვისი მადლი და წყალობა თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს, ამინ!" - წერია პატრიარქის მილოცვაში.

✕