1728589908
სპეკულაციებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე პოლიტიკური იყო, ნიადაგი გამოეცალა - მიხეილ სარჯველაძე
„სპეკულაციებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე პოლიტიკური იყო, ნიადაგი გამოეცალა. მე რამდენადაც მოვისმინე, კვალიფიკაციის საკითხი დადგა, რომელიც განსხვავებულად შეაფასა სასამართლომ. ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, იმ ფაქტის დადასტურებას, რომელიც ჩაითვალა რომ არის დანაშაულებრივი, პრობლემა არ ჰქონია სხდომის მიმდინარეობისას და განხილვების პროცესში",- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, რა ჰქვია ამას თაღლითობა, ფულის გათეთრება თუ კიდევ სხვა რამ, ამაზე აღმოჩნდა განსხვავებული შეხედულებები და სასამართლომ თქვა, რომ ეს არის არა ამ კატეგორიის, არამედ სხვა კატეგორიის დანაშაული, ოღონდ დანაშაულია ორივე შემთხვევაშიო. ფაქტები სადავო არ გამხდარა და ყველა სპეკულაციას, რომელიც ამ დავის ირგვლივ იყო ამ პერიოდის განმავლობაში, ყველანაირი საფუძველი გამოეცალა. არანაირი მიზეზი პოლიტიკური დევნისა, პოლიტიკური მოტივაციისა და ა.შ. ვფიქრობ, ობიექტურად, უბრალოდ, აღარ მოიპოვება“, - განაცხადა სარჯველაძემ.