აავსეთ ჭიქა წყლით და უთხარით თქვენი სურვილები – ნათლისღების წყლის ძალას სასწაულის მოხდენა შეუძლია
1768765461
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა მკვეთრად შეცვალეს რუსეთის მიმართ რიტორიკა და ღიად ალაპარაკდნენ მასთან ურთიერთობების დათმობის საჭიროებაზე:
„დიდი ხანია, ევროპელი ლიდერებისგან აღარ გაგვიგია განცხადებები, რომ რუსეთი მარცხდება და უკრაინა იმარჯვებს; ახლა ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ მისი ინტერესებისთვის უკეთესი იქნება რუსეთთან ურთიერთობის დალაგება"- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, რაზე უნდა ესაუბრონ ევროპული ქვეყნების ლიდერები ვლადიმერ პუტინს, რომელიც მათ მიერვე დაფუძნებულმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გაასამართლა.
„რუსეთის დამარცხების იმედი ჰქონდა ევროკავშირს, მაგრამ ეს იმედი არ გამართლდა. დიდი ხანია აღარ გაგვიგია ევროპელი ლიდერების განცხადებები, რომ რუსეთი მარცხდება, უკრაინა კი იმარჯვებს; მათთვის ზელენსკი უკვე აღარ არის გმირი, მას ისე აღარ ხვდებიან, როგორც ადრე. აღარ უფენენ წითელ ხალიჩებს, წარსულში დარჩა ოვაციები დასავლურ პარლამენტებში და დითირამბების ფრქვევა. როგორც კი ნათელი გახდა, რომ უკრაინა ვეღარ იმარჯვებს, ევროპელმა ლიდერებმა მას ზურგი აქციეს და გადაწყვიტეს, რომ ახლა მათი ინტერესებისთვის უკეთესია, თუ რუსეთთან დალაგდებიან და პუტინთან დიალოგის საჭიროებაზე დაიწყეს საუბარი. მეორე მხრივ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინი კრიმინალად ცნო და მასზე ძებნა გამოაცხადა. ძალიან მაინტერესებს, რაზე უნდა ელაპარაკონ მას იმ ქვეყნების ლიდერები, რომლებმაც ეს სასამართლო დააფუძნეს? რას ეტყვიან — „შენი ნებით დაიდე ხელბორკილები და გამომყევი, რათა ჰააგის საპატიმროში ჩაგსვათ“? რა თემაზე უნდა ელაპარაკონ? ალბათ, მხოლოდ იმაზე, რომ იქნებ ისევ იაფად მიაწოდოს ენერგორესურსები, რადგან ევროპის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკა ნადგურდება, ტრადიციული ინდუსტრიები სულს ღაფავს, ევროკავშირის ქვეყნებიდან მთავარი საწარმოები კი ზოგი ჩინეთში გადავიდა, ზოგი კი - ამერიკაში. ამ სიტუაციაში ჩვენ გვეუბნებიან, რომ რუსული გაზი არ უნდა მივიხმაროთ, რადგან თურმე ეს დანაშაულია, მაგრამ თუ აზერბაიჯანიდან მივიღებთ იმავე რუსულ გაზს ორმაგ ფასად, თურმე ეს სწორი პოლიტიკაა. ეს არის თვალთმაქცობა და ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი პოლიტიკა, რომელზე დათანხმებაც დაუშვებელია“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.