პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
დღეს კიდევ ერთხელ გვსურს განვმარტოთ ჩვენი ხედვა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:
კანდიდატის სტატუსი
პირველ რიგში, ისევ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის თემას შევეხებით, რომელიც ქვეყნის დღის წესრიგში ამ ეტაპზე სრულიად ხელოვნურად შემოიტანეს. თავდაპირველად, დაჩქარებული წესით შეგვატანინეს განაცხადი და დაჩქარებული წესითვე გვითხრეს უარი კანდიდატობაზე, ახლა კი ევროკავშირის პრაქტიკისთვის სრულიად უპრეცედენტო და გაუგებარი ვადა დაგვიწესეს და დაჩქარებული წესით, 6 თვეში გვთხოვენ ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას. ამ ვადის გარშემო წნეხს დამატებით ამძაფრებს ელჩებისა და ევროპარლამენტარების განცხადებები, რომლებიც ყოველდღიურად კეთდება და რაც, ასევე, ევროკავშირის პრაქტიკისთვის სრულიად უცხო ხილია.
ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი კანდიდატის სტატუსის მიღების თარიღზე ოდნავ მაინც რომ იყოს დამოკიდებული, ამგვარ წნეხს და „დედლაინზე“ ზეწოლას მინიმალური ახსნა მაინც ექნებოდა. მაგალითისათვის, ბალკანეთის ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ როდესაც ევროპული ქვეყანა კანდიდატის სტატუსს სტანდარტულ ვითარებაში იღებს, მას დაახლოებით 15 წელიწადში ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა უჩნდება. თუმცა, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევა არასტანდარტულია. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ამ შემთხვევაში ხდება არა იმის გამო, რომ ესა თუ ის ქვეყანა კანდიდატის სტატუსისთვის შინაარსობრივად არის მზად, არამედ დაჩქარებული წესით, პოლიტიკური მიზეზების გამო.
როგორც მოგეხსენებათ, მმართველ გუნდს ჰქონდა ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული გეგმა, რომელიც 2 წლის წინ საარჩევნო პროგრამის ფარგლებში წარვუდგინეთ საზოგადოებას. ხელისუფლებას მომდევნო 2 წლის მანძილზე უნდა უზრუნველეყო ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების მინიმუმ 70 პროცენტის შესრულება და ამის საფუძველზე, 2024 წელს უნდა შეეტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, საქართველო დაახლოებით 2 წლის თავზე მიიღებდა კანდიდატის სტატუსს და ასევე, სტანდარტული პრაქტიკის შესაბამისად, წარმატებული განვითარების პირობებში, დაახლოებით 12-15 წელიწადში, 2040 წლამდე გახდებოდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
ამას გვიჩვენებს ყველაზე წარმატებული კანდიდატი ქვეყნების - მონტენეგროს და სერბეთის მაგალითი. ორივე მათგანმა განაცხადის შეტანიდან 2 წელიწადში (შესაბამისად, 2010 და 2012 წელს) მიიღო კანდიდატის სტატუსი და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, ისინი 2024 წელს გახდებიან ევროკავშირის წევრები, რაც მონტენეგროსთვის 14-წლიან, ხოლო სერბეთისთვის 12-წლიან წარმატებულ მოლოდინს ნიშნავს.
იმ პირობებში კი, როდესაც კანდიდატობას არა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით არსებული მიღწევების გამო, არამედ პოლიტიკური მოტივით გაძლევენ, ბუნებრივია, კანდიდატის სტატუსის მიღების თარიღსა და გაწევრიანების თარიღს შორის 12-14-წლიანი ინტერვალი სრულიად პირობითი ხდება. სწორედ ამიტომ ამბობენ ევროპელი პოლიტიკოსები უკრაინის შემთხვევაში, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი 2050 წლისთვის, ანუ არა 14, არამედ 28 წელიწადში გახდება.
დარწმუნებული ვართ, კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ხელისუფლება მომდევნო 6 თვის განმავლობაში ყველაფერს გააკეთებს. თუმცა, ვერავინ ახსნის, პრაქტიკული თვალსაზრისით, რას აძლევს საქართველოს კანდიდატის სტატუსის დაჩქარებული წესით მიღება. შესაბამისად, ამ საკითხის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟიც, აშკარად, სრულიად ხელოვნურია.
შესაბამისად, 6-თვიანი ვადის დაწესებას მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა აქვს. ვიღაცას სურს, შექმნას ხელოვნური აჟიოტაჟი ამ თემის გარშემო და ხელოვნურად გააღვივოს ხალხის ემოციები, რათა რევოლუციური სცენარით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება და „ნაციონალური მოძრაობით“ მისი ჩანაცვლება მოხერხდეს. სწორედ ეს სცენარი განიხილეს ბაკურიანში, რაზეც პარტიის ლიდერები თავიდანვე ღიად გვესაუბრებოდნენ.
კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ კანდიდატის სტატუსი და მისი ექვსთვიანი ვადაც იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელიც ბაკურიანში იქნა განხილული. 6 თვის თავზე კანდიდატის სტატუსს არცერთ შემთხვევაში არ მოგვცემენ, რამაც, გარკვეული ძალების გათვლით, რევოლუციურ სცენარს ახალი მუხტი უნდა მისცეს და საბოლოოდ, საქართველო მეორე ფრონტად უნდა აქციოს.
დეოლიგარქიზაცია
ევროკომისიის დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტი დეოლიგარქიზაციას ეხება. ამ კუთხით, ნაციონალური მოძრაობა და მისი უცხოელი მეგობრები თავხედურად მიანიშნებენ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის სახელი და გვარი ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც კი ჩაწერეს. აშკარაა, რომ დეოლიგარქიზაციის დათქმის გამოყენებით, კამპანია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კიდევ უფრო გაიშლება, მიუხედავად იმისა, რომ მისი „ოლიგარქობის“ შესახებ დღემდე არავის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და ვერც წარმოადგენს.
კლასიკური განმარტებით, ოლიგარქი არის ადამიანი, რომელიც მსხვილ ფინანსურ რესურსს ფლობს და ამ რესურსს პოლიტიკაზე და მედიაზე გავლენის მოსაპოვებლად კერძო ინტერესების გამო იყენებს.
ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი განმარტების ამ რამდენიმე ელემენტიდან მხოლოდ პირველს აკმაყოფილებს. რაც შეეხება პოლიტიკაზე მის გავლენას: გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბიძინა ივანიშვილს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობები ეკავა, პოლიტიკაში მისი ჩარევის არცერთი ფაქტი არ არსებობს.
სწორედ ასე იყო გიორგი კვირიკაშვილის შემთხვევაშიც, რასაც, დარწმუნებული ვართ, ის დღესაც დაადასტურებს. როდესაც გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების დღეს, ბიძინა ივანიშვილსა და მას შორის პრინციპული საუბარი გაიმართა, ორივე მათგანმა უმრავლესობის წინაშე რამდენჯერმე დაადასტურა, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის დღიდან პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაბრუნებამდე, მათ შორის პოლიტიკურ თემებზე არავითარი კომუნიკაცია არ შემდგარა.
იგივე ეხება კიდევ ერთ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიასაც. გახარიამაც საჯაროდ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ, მათ შორის არავითარი კომუნიკაცია აღარ ყოფილა. მეტიც, გახარიამ რამდენჯერმე დაადასტურა, რომ ივანიშვილი მის გადაწყვეტილებებში პარტიის თავმჯდომარეობის პერიოდშიც კი არ ერეოდა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამის ყველანაირი სამართლებრივი თუ პოლიტიკური უფლება ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც პოლიტიკიდან გავიდა, ბიძინა ივანიშვილმა ერთადერთი საჯარო განცხადება გააკეთა, როდესაც გავრცელებული სპეკულაციების საპასუხოდ, გახარიას ქმედებას თავისი სახელი დაარქვა. არცერთ სხვა შემთხვევაში, მას საზოგადოების განწყობაზე გავლენის მოხდენის არცერთი პირდაპირი თუ ირიბი მცდელობა არ ჰქონია.
როგორც უკვე ვთქვით, ივანიშვილი არც კვირიკაშვილის და არც გახარიას საქმეში არასოდეს ერეოდა. თუმცა, საზოგადოებას შეიძლება გაუჩნდეს თეორიული ეჭვი, ხომ არა აქვს მას კომუნიკაცია მოქმედ პრემიერთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარტიის მოქმედ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი ამას უარყოფს, საზოგადოებას შეიძლება ჰქონდეს, თუნდაც, აბსტრაქტული ეჭვი, ხომ არ უკავშირდებიან ისინი ივანიშვილს ან, პირიქით, ივანიშვილი მათ.
თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ივანიშვილი გუნდის ლიდერებს პერიოდულად რაიმე რჩევებს აძლევს, პოლიტიკაში ეს ნორმაა და არაფორმალურ მმართველობას არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს. მაგალითად, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს იმაზე, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ლამის მთლიანად ბარაქ ობამამ დააკომპლექტა, თუმცა, ამისათვის ობამა დღემდე არავის გაუკრიტიკებია.
როდესაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს ხოლმე, რომ პოლიტიკაში არ ჩაერევა, ამას ყოველთვის ასრულებს კიდეც. ის დღეს არც პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული და არც მედიას აფინანსებს. გარდა ამისა, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში არავითარი ბიზნესი არა აქვს. ყველა პროექტი, რომელსაც ის ქვეყანაში ახორციელებს, სოციალური ქველმოქმედების გამოხატულებაა. ეს ყველაფერი ასე რომ არ იყოს, ფაქტები არავისგან დაიმალებოდა. ბიძინა ივანიშვილი პატივს სცემს და იცავს წესებსა და კანონებს და ყოველთვის ამ პრინციპებით მოქმედებდა. აქედან გამომდინარე, ოლიგარქად მის მოხსენიებას არავითარი საფუძველი არა აქვს.
თუკი ვინმეს საქართველოში ოლიგარქი შეიძლება ეწოდოს, ესენი სწორედ ოპოზიციის მოქმედი ლიდერები - სააკაშვილი, კეზერაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე არიან.
მიხეილ სააკაშვილი ქართული პასპორტის ჩაბარების დღიდან დღემდე ნაციონალური მოძრაობის არაფორმალური მმართველი რომ არის და პოლიტიკაში ყოველდღიურად ერევა, ამას თავადაც არ მალავს. ციხის საკანიც კი პარტიულ ოფისად აქვს ქცეული, სადაც მან რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე რამდენიმე ასეულ პარტიულ ამხანაგს უმასპინძლა. მეტიც, ციხიდან რევოლუციური განცხადებების გაკეთებასაც კი არ ერიდება. მას რომ ნაძარცვი ფული არ აკლია და ამ ფულის ნაწილს პარტიული მედიის რჩენასაც ახმარს, ესეც ყველამ ძალიან კარგად იცის. შესაბამისად, სააკაშვილი ოლიგარქის ცნების ყველა კრიტერიუმს სრულად აკმაყოფილებს.
იგივე ეხება დავით კეზერაშვილსაც, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომიდან ერთ თვეში მილიარდდოლარიანი ბრუნვის მქონე კომპანიის მფლობელი გახდა და ნაძარცვი ფულით ოპოზიციას და მის მედიასაშუალებებს ყოველწიურად მილიონობით დოლარით აფინანსებს.
ოლიგარქის კლასიკური მაგალითები არიან, ასევე, ხაზარაძე და ჯაფარიძე. წინა ხელისუფლების დროს, ისინი პირდაპირ იყვნენ ჩართული დანაშაულებრივ სქემაში და სააკაშვილთან ერთად ახორციელებდნენ ბიზნესის რეკეტს, რითაც დამატებით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ. „ქართული ოცნების“ პირობებში, ხელისუფლება მათ ბიზნესს ზუსტად ისევე ედგა გვერდში, როგორც ნებისმიერ სხვას. თუმცა, სუფთა ბიზნესის კეთებას მათ ამ შემთხვევაშიც სხვა გზით სიარული არჩიეს და კვლავაც ოლიგარქობას შეეცადნენ. გარდა ამისა, როგორც მოგეხსენებათ, სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არავის უშლიდა პოლიტიკის დაფინანსებას. ხაზარაძე და ჯაფარიძე ამით სარგებლობდნენ და საკუთარი ძველი პარტნიორების, ნაციონალების კუთვნილ ტელევიზიებს თითქმის დაუფარავად აფინანსებდნენ - თავიდანვე დაიწყეს „ტვ პირველის“ დაფინანსება და სოლიდურად ეხმარებოდნენ „რუსთავი 2-საც“, ვიდრე ის ნაციონალური მოძრაობის საკუთრებაში იყო. გარდა ამისა, ისინი აფინანსებდნენ ოპოზიციის აქციებს და მიტინგების დროს მათ კარვებსაც კი აწვდიდნენ. მოგვიანებით კი, როდესაც ეროვნულმა ბანკმა პროკურატურას მათი ძველი ცოდვების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც 17 მილიონის თაღლითურად მითვისებას ეხებოდა, თავის დასაცავად პოლიტიკური პარტია შექმნეს, რითაც საკუთარი პოლიტიკური ამბიციების ლეგალიზაცია განახორციელეს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის მიერ ჩადენილი დანაშაული თეთრი ძაფით არის ნაკერი - მათ მრავალმილიონიანი საბანკო კრედიტი საკუთარ მეგობარ ჭუტა წერეთელზე გააფორმეს, შემდეგ იმავე დღეს გადაიფორმეს და ისე, რომ კრედიტს არავინ მომსახურებია, ოფშორში გადაიტანეს და იქ სრულად ჩამოწერეს. ამგვარ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს ოლიგარქობის სურვილი რომ გაუჩნდათ, არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი.
რომ შევაჯამოთ, ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად ვერავინ განიხილავს, სააკაშვილს, კეზერაშვილს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს კი, ეს ცნება სრულად მიესადაგება. თუმცა, სიმართლის მიუხედავად, საზოგადოება სულ მალე დაინახავს, რომ დეოლიგარქიის კამპანიას ბაკურიანის შეკრების ორგანიზატორები და მონაწილეები თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილზე ააგებენ.
დეპოლარიზაცია
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან კარგად განმარტა, რომ პოლარიზაცია პოლიტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა და საქართველოში მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება საკმაოდ დიდი დოზით ხელოვნურობას შეიცავს.
დეპოლარიზაციაზე ვინმე სერიოზულად რომ ფიქრობდნენ, პირველ რიგში, კანდიდატის სტატუსზე არ გვეტყოდნენ უარს. ფაქტია, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება არა დეპოლარიზაციას, არამედ სწორედ რომ პოლარიზაციას უწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმთავითვე ადვილი გამოსაცნობი იყო. დიდი მიამიტობა იქნებოდა ფიქრი იმაზე, რომ ვიღაცამ ეს ვერ გათვალა. მეტიც, არა მხოლოდ გათვალა, არამედ კანდიდატის სტატუსის არმინიჭების უმთავრესი მიზანი სწორედ რომ პოლარიზაციის გაღვივება და ბაკურიანის რევოლუციური სცენარის მოქმედებაში მოყვანა იყო.
დეპოლარიზაციის ცნება იმდენად აბსტრაქტულია, რომ საიდანაც გინდა, იქიდან მოაბამ ყურს. უკვე ცხადად შეიძლება იმის წინასწარმეტყველება, თუ რამდენ აბსურდულ მოთხოვნას დაუკავშირებენ დეპოლარიზაციას. მაგალითისათვის, უკვე სცადეს დეპოლარიზაციისთვის საარჩევნო ბარიერი მიებათ, რასაც არათუ დეპოლარიზაციასთან, კანდიდატის სტატუსთანაც ვერავითარი ლოგიკური კავშირი ვერ ექნება.
თუმცა, დეპოლარიზაციაზე მიბმული მთავარი მოთხოვნა მაინც სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლება იქნება. სალომე ზურაბიშვილი, რომლებიც გარკვეულმა ძალებმა გადაქაჩეს და მთლიანად ოპოზიციურ ნიშაში შეიყვანეს, დიდი ალბათობით, ამ ორი დამნაშავის განთავისუფლებას საბოლოოდ მოაწერს ხელს. როგორც თავის დროზე ამოგვიგრიხეს ხელები და უგულავა, ოქრუაშვილი, მელია და რურუა გამოგვაშვებინეს, ზუსტად ასევე ეცდებიან სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებასაც. მათი განთავისუფლების მიზანიც იგივე - რევოლუციური სცენარისთვის ახალი მუხტის მიცემა და ხელისუფლების გადატრიალებაა, რასაც სააკაშვილის მეორე „სახელოვანი“ ომი უნდა მოყვეს.
სააკაშვილის თემის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი რომ ხელოვნურია, ამას მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის საქმეც მოწმობს. სააკაშვილს ქართული სასამართლოს სამმა ინსტანციამ დაუდგინა სასჯელი დანაშაულებზე, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მოლდოვის მოქმედმა ხელისუფლებამ კი, კანდიდატობაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ, მოლდოვის მეხუთე პრეზიდენტს, იგორ დოდონი სხვა პოლიტიკოსის მიერ ცელოფნის პარკის გადაცემის ფაქტზე წინასწარი პატიმრობა ისე შეუფარდა, რომ ამაზე სიტყვა არავის დაუძრავს. აქ კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად ჩანს ორმაგი სტანდარტი, რომელზეც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენიმე დღის წინ საუბრობდა. დოდონი რომ პრორუსი პრეზიდენტი იყო, სამართლის უზენაესობისთვის, წესით, ეს არაფერს უნდა ნიშნავდეს.
ივანიშვილის არაფორმალური სანქციები
როგორც მოგეხსენებათ, უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო, ივანიშვილის წინააღმდეგ არაფორმალური სანქციები კი, როგორც მისივე ადვოკატმა განაცხადდა, 4 მარტიდან ამოქმედდა. შვეიცარიული ბანკი გაუგონარ რამეს აკეთებს და ივანიშვილს კუთვნილ თანხას თვეების მანძილზე არ ურიცხავს. დიდი მიამიტობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ბანკი საკუთარ რეპუტაციას ამგვარ გამოუსწორებელ ზიანს პოლიტიკური წნეხის გარეშე აკეთებს.
ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, კანდიდატის სტატუსით ხორციელდება ზეწოლა მთავრობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, არაფორმალური სანქციით - ბიძინა ივანიშვილზე.
ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების გაოფიციალურებას ეს ძალები ევროპარლამენტის რეზოლუციით შეეცადნენ. თუმცა, საზოგადოების რეაქცია რომ დაინახეს, მიხვდნენ, რომ ოფიციალური სანქციები კონტრპროდუქტიული იქნებოდა და უკან დაიხიეს. სხვა შემთხვევაში, ვინც 308 ევროპარლამენტარის კოორდინაცია მოახერხა, იმას არც ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დოკუმენტებზე გავლენის მოხდენა არ გაუჭირდებოდა.
ისმის მარტივი შეკითხვა - რა უნდათ ბიძინა ივანიშვილისგან? ეს კაცი პოლიტიკაში არ ერევა და რომც ერეოდეს, ვერავინ ამბობს, თეორიულად, ამით რას შეიძლება აფუჭებდეს. ივანიშვილი რომ არაფერს აფუჭებს, სინამდვილეში, ეს მათაც ძალიან კარგად იციან.
რჩება ერთადერთი ლოგიკური ინტერესი ორი ვარიაციით, რაც ამ ძალებს ივანიშვილის მიმართ შეიძლება ამოძრავებდეს: ან უნდათ, რომ ის მისი ნების წინააღმდეგ დააბრუნონ პოლიტიკაში, რათა რუსეთისთვის სანქციები დააწესებინონ და საქართველო მეორე ფრონტად აქციონ, ან უნდათ, მას ამგვარი მითითებები გუნდის ლიდერებისთვის მიაცემინონ.
ყველამ იცის, რომ მთელი გუნდი და მისი ლიდერები ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. ივანიშვილი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, არამედ გამორჩეული ქველმოქმედიცაა და გარდა ამისა, მან 2012 წელს ქვეყნის ინტერესებისთვის თავი გადადო და სახელმწიფოს მართვის სადავეებს დანაშაულებრივი რეჟიმი ჩამოაცილა. სწორედ ამიტომ, ის ინარჩუნებს განსაკუთრებულ მხარდაჭერას და პატივისცემას როგორც საზოგადოების, ისე გუნდის მხრიდან. შესაბამისად, ცხადია, მას აქვს რესურსი, ნების შემთხვევაში, პოლიტიკაში დაბრუნდეს ან გუნდის გადაწყვეტილებებზე არსებითი გავლენა მოახდინოს.
გარკვეული ძალები ხედავენ, რომ ღარიბაშვილი, კობახიძე და მთელი გუნდი ჯიუტად იცავენ პოზიციებს და არც სანქციებს და არც ომს არ თანხმდებიან. ასეთ დროს, ივანიშვილია ერთადერთი, ვისაც მათი გადარწმუნება და პროცესების სხვა მიმართულებით წარმართვა შეუძლია.
ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების წარმომადგენლებს მსგავსი საუბარი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთანაც ექნებოდათ. ამ თემაზე მინიშნებები ივანიშვილის ადვოკატმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ არაფორმალური სანქციების მიზეზის ახსნა ივანიშვილს შეუძლია და ამ თემაზე მას სამომავლოდ რაღაც აქვს სათქმელი. ჩვენც დაველოდებით ბიძინა ივანიშვილის განმარტებებს და მანამდე, ამ თემაზე დამატებით ინტერპრეტაციებს მოვერიდებით.
როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ორი დღის წინ აღნიშნა, არაოფიციალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კვლავაც ძალაშია და მას საკუთარ თანხებზე წვდომას ბანკი დღემდე არ აძლევს.
წარმოგვიდგენია, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც, ერთდროულად ევროპული სტრუქტურებისა და შვეიცარიული ბანკის კოორდინაციას ახერხებენ. თუმცა, დარწმუნებული ვართ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს.
დამოკიდებულება დასავლური სტრუქტურების მიმართ
ბაკურიანის შეკრების მონაწილეები ცდილობენ, დასავლელი პოლიტიკოსების მიმართ ჩვენი პასუხები ანტიდასავლურ რიტორიკად მონათლონ. ამიტომ, კიდევ ერთხელ გვინდა ცხადად და მკაფიოდ განვმარტოთ შემდეგი - ჩვენი სურვილი და მიზანია, საქართველომ განაგრძოს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ. სწორედ ამიტომ, დავიცავთ ქვეყნის და საკუთარ ღირსებას ყოველთვის, როდესაც მას ვინმე შეეხება. შეურაცხყოფაზე პასუხი არის არა დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმა, არამედ ჩვენი ვალი ჩვენი ქვეყნისა და მისი ღირსების წინაშე. როდესაც ევროპელი იქცევა არაევროპულად, ის სწორედ თავად აზიანებს ევროპას და მის ინტერესებს. შესაბამისად, უსამართლობაზე პასუხის გაცემა ჩვენთვის სწორედ რომ სტრატეგიული პარტნიორის, ევროპისა და საქართველოს ევროპული გზის დაცვას ნიშნავს.