როგორი ამინდი იქნება 19 აპრილს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1745003042
ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტებზე ისაუბრა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა კომისიის სხდომაზე და ხაზი გაუსვა იმ დანაშაულებრივ ბრძანებებს, რომლებიც ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლების პირველმა პირებმა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილმა გასცეს.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა მოხდა. ბოდიში იმისთვის, რომ ეს საქმე ბოლომდე არაა მიყვანილი და ამ დრომდე არ დამდგარა სამართლიანი განაჩენი. ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა - ეს არის უბრალოდ სირცხვილი ჩვენი ხელისუფლების.
გიორგი აფრასიძემ თქვა, რომ სრულიად წარმოუდგენელი რაღაცეები დააბრალეს მათ ოჯახს - თითქოს აფრასიძეების მოკლული იყო 15 წლის მარიამ გოგინაშვილი და კახა კალაძის ძმა, ლევან კალაძე, თუმცა მოგვიანებით ფაქტებით დადასტურდა, რომ ეს ყველაფერი იყო შეთითხნილი ბრალდებები და სრული სიცრუე. მაშინდელი რეჟიმის წარმომადგენლებმა აიტანეს თბილისიდან ტრიბუნა სვანეთში (ისე, როგორც ეს ცხინვალში გააკეთეს, სადაც ასეთივე ტრიბუნით დარბოდა სააკაშვილი), იქ ჩაატარეს ბრიფინგი მერაბიშვილმა და ადეიშვილმა და თქვეს, რომ ეს ორი საქმე არის გახსნილი და თითქოს მათი გვამები არის ამოცნობილი. სინამდვილეში კი, ნაპოვნი გვამები ერთი საუკუნის წინანდელი აღმოჩნდა.
15 წლის მარიამ გოგინაშვილის საქმე, სამწუხაროდ, ამ დრომდე არ არის გახსნილი, ლევან კალაძის საქმე კი, გახსნილია და დამნაშავეები გასამართლებულები არიან. მისი საფლავი კი, თბილისში, ვაზისუბანში იქნა აღმოჩენილი, მერაბიშვილმა და ადეიშვილმა კი სვანეთში ჩაატარეს ბრიფინგი, თითქოს იქ იყო დამარხული. აი, ასეთ რამეებს ჩადიოდნენ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სოსო რობაქიძე ამბობდა, რომ ყველა ამ ბოროტების სათავე არის ერთი ადამიანი - მიხეილ სააკაშვილი. თქვენ (ლედი და გიორგი აფრასიძეებმა) თქვით, რომ სინანული არ მოგისმენიათ აქამდე. ვერც მოისმენდით, რადგან არანაირი დაკავება არ იგეგმებოდა, მათ მკვლელობა ჰქონდათ დაგეგმილი და ეს თქვა მიხეილ სააკაშვილმა 2009 წლის 2 სექტემბერს, სასტუმრო „რედისონის“ გახსნისას. სასტუმროს გახსნის ღონისძიებაზე ამის თქმა რომ მოგინდება ქვეყნის პრეზიდენტს, მეტყველებს იმაზე, რომ მათ დაუსჯელობის სრული განცდა ჰქონდათ.
მინდა წავიკითხო და ბოდიში მოვიხადო იმ განცხადებებისათვის, რომელიც მან თქვენი ოჯახის მისამართით გააკეთა, რასაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან:
„მე გავეცი ბრძანება მესტიას დაპატრონებული ბანდიტების დაკავების. ერთი წამით ამას არ ვნანობ. ეს იყო აფრასიძეების ბანდა, რომელიც აკონტროლებდა მთელ სვანეთს, რომელიც გამაგრებული იყო კოშკში. ჩემი ბრძანებით, ჩვენი ვერტმფრენებიდან გახსნილი იქნა ცეცხლი, მათ შორის რაკეტებით. კოშკები განადგურდა, მათ შორის ბანდიტებიც განადგურდნენ და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ამით ამოისუნთქა მთელმა სვანეთმა. ასე ვამყარებთ საქართველოში წესრიგს და წესრიგის გარეშე არ არსებობს განვითარება და არავითარი კომპრომისი ამ საქმეში არ იქნება დაშვებული."
ამას აღიარებს პრეზიდენტი, კრიმინალი ადამიანი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის მრავალი დანაშაულის გამო და სამწუხაროდ, იმ დანაშაულთა შორის არ არის მის მიერ გაცემული ეს ბრძანება და ოპერაცია. როდესაც ბავშვები ჰყვებოდნენ, რომ ყუმბარებს გვესროდნენო, საზოგადოებას ალბათ ეს მოგონილი ამბავი ეგონება და იფიქრებს, რომ ეს რაღაც ზღაპარია, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მაგრამ, აი, სააკაშვილიც პირდაპირ აღიარებს, რომ თავად გასცა რაკეტებით ოჯახის განადგურების ბრძანება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მანვე გაიხსენა სააკაშვილის მიერ ციხეებში ბუნტის ჩასაქრობად გაცემული ბრძანება და მის სისასტიკეზე ისაუბრა.
„მანამდე, სანამ ეს ოპერაცია დაიგეგმებოდა, ახლად არჩეული პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაციაც კი არ იყო გამართული, ანუ, სადღაც 2004 წლის 17 იანვრამდე პერიოდში, ასეთ განცხადებას აკეთებს: „მე მივეცი ბრძანება იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილს და შს მინისტრს გია ბარამიძეს, რომ ციხეში ბუნტის თუ ციხის გარეთ არეულობის ნებისმიერი მცდელობისას (და ეს მინდა კარგად მოისმინონ ციხეში დაბუდებულმა და ციხის გარეთ მყოფმა კრიმინალებმა), გამოიყენონ ძალა და ბუნტის ნებისმიერი მცდელობისას გახსნან ცეცხლი და ადგილზევე მოკლან და გაანადგურონ ყველა ის კრიმინალი, რომელიც ეცდება სიტუაციის არევას. ჩვენ ამ ხალხისთვის ტყვიები არ გვენანება".
ეს არის დანაშაულებრივი განცხადება. ეს იყო კრიმინალების ხელისუფლება, რომელიც მართავდა ქვეყანას და როდესაც ბანდაზე ლაპარაკობს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ 4 ადამიანიდან [აფრასიძეები] სამის მიმართ არ არსებობდა არანაირი ძებნა, არ იყო ინკრიმინირებული რაიმე ტიპის დანაშაული. ამ ოთხიდან 2 მოკლეს და ორს, სრულიად უდანაშაულო ადამიანებს, შმაგი და გოჩა აფრასიძეებს, 18 და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და ან დღესაც ციხეში იქნებოდნენ, ან ციხიდან მათ ცოცხალს არ გამოუშვებდნენ, რომ არ შეცვლილიყო ხელისუფლება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.