კალასი: ევროკავშირში ჯერჯერობით არ არის ერთობა კიევისთვის გაყინული რუსული აქტივების გადაცემის საკითხზე

კაია კალასი

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ჯერ არ უჭერს მხარს გეგმას, რომლის მიხედვითაც დასავლეთში გაყინული რუსული სავალუტო რეზერვები გამოყენებული იქნება უკრაინისთვის რეპარაციული სესხის დასაფინანსებლად.

თუმცა, მისი თქმით, ევროკავშირი მუშაობს იმაზე, რომ შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მიაღწიოს.

კალასი მხარს უჭერს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას იმ რეპარაციების ანგარიშში, რომელიც საბოლოოდ, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინას რუსეთმა უნდა გადაუხადოს.

„თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ ამ [რუსულ] აქტივებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ტვირთი ჩვენს გადასახადის გადამხდელებს დააწვებათ“, - განაცხადა კალასმა კოპენჰაგენში გამართულ ბრიფინგზე.

გასულ კვირას გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მოუწოდა, რომ უკრაინას მიეცეს 140 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხი რამდენიმე ტრანშად, ევროპის ცენტრალურ ბანკში დეპოზიტის ანგარიშზე შენახული გაყინული რუსული სახსრების ხარჯზე.