ტრამპის აღმასრულებელი განკარგულება: აშშ კატარის ტერიტორიაზე, სუვერენიტეტზე ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ შეიარაღებულ თავდასხმას განიხილავს, როგორც აშშ-ის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხეს

ტრამპი

აშშ კატარის ტერიტორიაზე, სუვერენიტეტზე ან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერ შეიარაღებულ თავდასხმას განიხილავს, როგორც აშშ-ის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხეს, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში სახელწოდებით „კატარის სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.

„ასეთი თავდასხმის შემთხვევაში, აშშ მიიღებს ყველა კანონიერ და შესაბამის ზომას - მათ შორის დიპლომატიურ, ეკონომიკურ და, საჭიროების შემთხვევაში, სამხედრო ზომას - რათა დაიცვას შეერთებული შტატებისა და კატარის სახელმწიფოს ინტერესები და აღადგინოს მშვიდობა და სტაბილურობა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ომის მდივანი, სახელმწიფო მდივანთან და ეროვნული დაზვერვის დირექტორთან კოორდინაციით, შეინარჩუნებს ერთობლივ საგანგებო დაგეგმვას კატარის სახელმწიფოსთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს სწრაფი და კოორდინირებული რეაგირება კატარის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ უცხოურ აგრესიაზე.