სოროსის ფონდის პროგრამების მენეჯერი გიორგი ჩიტიძე „სირცხვილიას“ მიერ დაყენებულ მოთხოვნას, მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ, მხარს უჭერს

ჩიტიძე

სოროსის ფონდის პროგრამების მენეჯერი, გიორგი ჩიტიძე „სირცხვილიას“ მიერ დაყენებულ მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის შესახებ მხარს უჭერს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ჩიტიძე ტექნიკური მთავრობის შექმნის იდეის შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ ტექნიკური მთავრობა თავსებადია თანამედროვე კონსტიტუციურ სამართალთან და დემოკრატიის პრინციპთან. მაგალითისთვის მას იტალია (2007-2008წწ.) და ევროპის რამდენიმე ქვეყანა მოჰყავს.

მისი თქმით, ტექნიკური მთავრობა არის არაორდინარული მექანიზმი, რომელიც საჭიროა კრიზისის დასაძლევად მაშინ, როდესაც პოლიტიკური კლასი ამას ვერ ახერხებს.

მისივე განმარტებით, ტექნიკური მთავრობა, წინასწარ განსაზღვრული მანდატის ფარგლებში, ასრულებს კრიზისის დასაძლევად აუცილებელ ამოცანებს, მათ შორის, ამზადებს კანონპროექტებს და ახორციელებს აღმასრულებელ ფუნქციას. კონკრეტული ამოცანების შესრულების შემდეგ კი ტექნიკური მთავრობა იშლება და არჩევნები იმართება.

„ვინმე თუ იმას ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობა მხოლოდ ატარებს არჩევნებს სისტემის შეუცვლელად, ეს არის არასწორი მიდგომა. მაშინ, ტექნიკური მთავრობის იდეას შინაარსი არ აქვს. ეს არის პროფესიული კეთილსინდისიერების საკითხი ჩემთვის, მიუხედავად იმისა, იდეას ვინ იწონებს და ვინ - არა.

და ბოლოს, თუ 120/30-ზე სისტემით მომგებები ხართ, ქუჩაში 120 000 ადამიანს დააყენებთ და ბიძინას ააყირავებთ, გაგიმარჯოთ ღმერთმა. თქვენ გვერდით ვიქნები, მაგრამ ამ ეტაპზე, ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია“, - წერს ჩიტიძე.

შეგახსენებთ, რომ სოროსის ფონდი „სირცხვილიას“ ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია.