გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1735836785
სირცხვილია და ქვეყნის თავის მოჭრაა, როდესაც მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის, მას ხვდება პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი საქმის კურსში არ არის,- ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი კომენტარი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს შეეხებოდა. ,,ძალიან სამწუხაროა, რომ ,,ქართულ ოცნებაში“ ვერ გაიზარდნენ და ისევ რაღაც სიყმაწვილის სენით არიან შეპყრობილები და ქვეყნის მმართველობანას თამაშობენ. ვერ გაიაზრეს, რომ საბავშვო ბაღი არ არის ქვეყნის მართვა და არ უნდა მართო ქვეყანა, როგორი ინსტინქტებიც საბავშვო ბაღში აქვთ ხოლმე ბავშვებს, ერთი მეორეს გვერდზე არ დაუდგება, იმას ამასთან ლექსის თქმა არ უნდა და ვიღაცას ბუშტის დაკავება არ უნდა. ეს არის თავის მოჭრა და სირცხვილია, იმედია ოდესმე მოეშვება ,,ქართული ოცნება“ ასეთ მავნებლობას. ძალიან შემარცხვენელი და დამაკნინებელია საპრეზიდენტო ინსტიტუტისთვისაც და ზოგადად ქვეყნისთვისაც, როდესაც პრემიერ-მინისტრი ხვდება მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს და ჩვენი პრეზიდენტი ამ დროს საქმის კურსში არ არის, ძალიან უხერხული და სამარცხვინოა“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. მას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ იყო.