შუა დერეფნის სტრატეგიული პროექტის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე საქართველოსთან სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ თანამშრომლობას აფართოებს - რა შედეგებით ბრუნდება ქართული დელეგაცია ყაზახეთიდან

ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა

ორ დღიანი ვიზიტის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა. პარტნიორი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა , ასტანაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში შედგა.

პოლიტიკა, ეკონომიკა, ტურიზმი და სავაჭრო ურთიერთობები - ამ ძირითად საკითხებზე ირაკლი კობახიძემ და ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა იმსჯელეს, ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა მომავალში გაძლიერდება. მთავრობის მეთაურმა ყაზახეთის პრეზიდენტს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში დაპატიჟა.

თავის მხრივ ყაზახეთის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა, პრემიერს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა მოუწონა.

ყაზახეთში ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად სამთავრობო დელეგაციაც იმყოფებოდა. უმაღლესი შეხვედრები პარტნიორ ქვეყანაში კოლეგებთან ქართველმა მინისტრებმაც გამართეს.

ყასიმ-ჟომარდ ტოყაევთან შეხვედრამდე ირაკლი კობახიძე და ყაზახეთის პრემიერ მინისტრი ქვეყნის რკინიგზის ოფისში იმყოფებოდნენ, საქართველოს მთავრობის მეთაური კომპანიის მიერ მომზადებულ პრეზენტაციას გაეცნო. ყაზახეთისა და საქართველოს პრემიერებმა ადგილზევე განიხილეს სარკინიგზო ტვირთბრუნვის საკითხი, რომელმაც 2024 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ორ დღიანი უმაღლესი დონის ვიზიტი შეაჯამა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა. ლევან დავითაშვილმა შუა დერეფნის პროექტში საქართველოსა და ყაზახეთის როლზე ისაუბრა. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობასაც.

ყაზახეთის პრეზიდენტთან ვიზიტი ირაკლი კობახიძემ სოციალურ პლატფორმა X-ზე შეაჯამა, ორდღიანი შეხვედრების დეტალებზე კი უფრო კონკრეტულად მედიასთან ისაუბრა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და უმაღლესი თანამდებობის პირების ვიზიტი ასტანაში დღეს დასრულდა.