1746733863
შეურაცხმყოფელი არის კითხვაც კი, რომ თითქოს, რუსეთთან რაღაც ფარული მოლაპარაკებებია - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან ფარულ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, აღნიშნულის შესახებ მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„შეურაცხმყოფელი არის კითხვაც კი, რომ რაღაც ფარული მოლაპარაკებებია. მითუმეტეს, როდესაც საუბარია იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, რაღაც ფარულ მოლაპარაკებებზე, თუნდაც ამ სფეროში, საუბარი ზედმეტია. წინა დღეებშიც გავრცელდა მსგავსი ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ომის პარალელურად რაღაც მოლაპარაკებები განახლდა, ან ხორციელდება. 2020 წელს გაგზავნილ წერილზე პასუხი რატომღაც ახლა გასცეს რუსეთის შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა. არანაირი მსგავსი არ ხდება“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი იური შვეცი საკუთარ YouTube არხზე აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის მოსკოვის მიერ გვერდის ავლასთან დაკავშირებით, რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა: საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა, კრემლთან საიდუმლო მოლაპარაკებები აწარმოეს. მისი ინფორმაციით, "საუბარია, მაგალითად, იმაზე, რომ თბილისი გახდეს რუსეთიდან საჰაერო გადატვირთების ჰაბი“.