1775289655
შეხვედრა გვქონდა უმსხვილეს სააფთიაქო ქსელებთან. შევთანხმდით, რომ შესაძლებელია რეფერენტული პროგრამის კიდევ უფრო გაფართოება - შოთა ბერეკაშვილი
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, 3 აპრილს, მსხვილი სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან რიგით მეორე შეხვედრა შედგა. სხდომაზე მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესები განიხილეს.
დეპუტატებს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან კითხვები ჰქონდათ სხვადასხვა მიმართულებით.
"დავასრულეთ მედიკამენტების ბაზრის შესწავლა, შეხვედრა გვქონდა უმსხვილეს სააფთიაქო ქსელებთან, რომლებიც ბაზრის 80%-ს წარმოადგენენ. შევთანხმდით, რომ შესაძლებელია რეფერენტული პროგრამის კიდევ უფრო გაფართოება - ანუ, თუ დღეს 7000 პრეპარატია რეფერენტული ფასის ქვეშ, შესაძლებელია, რომ 100%-იანად მოვიცვათ ბაზარი.
კომისიის შემდეგი შეხვედრა გვექნება საწვავის იმპორტიორებთან და დისტრიბუტორებთან. აქ ფასწარმოქმნის ჯაჭვი ერთკომპონენტიანია. სურსათს რაც შეეხება, ამ საკითხზე დავასრულეთ მუშაობა - ახლა ვმუშაობთ საბოლოო დასკვნასა და რეკომენდაციებზე. შედეგი ხელშესახები იქნება კომისიის დასრულებისა და შეფასებებისა და გეგმის წარმოდგენის შემდეგ. ასევე, გვაქვს გრძელვადიანი გეგმა, რომელიც მოიცავს საშუალო ვადიან პერიოდს, რომლის პერიოდშიც ვფიქრობთ, სექტორს გავხდით უფრო გამჭვირვალესა და კონკურენტუნარიანს", - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.
ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სურსათის, მედიკამენტების და საწვავის ფასებზე საბოლოო დასკვნას, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეს გამოაქვეყნებს.












