გურჯაანში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა კაცის ვინაობა ცნობილია

რუსლან ძებისაშვილი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო გურჯაანში სარემონტო სამუშაოების დროს დაღუპული მამაკაცი, 28 წლის რუსლან ძებისაშვილია.

ძებისაშვილი ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანის მკვიდრია.

გარდაცვლილი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

ძებისაშვილის მამის, შალვა ძებისაშვილის ინფორმაციით, მისი ვაჟი დროდადრო, დღიურ სამუშაოებს ასრულებდა.

რამ გამოიწვია კედლის ნგრევა, შალვა ძებისაშვილს ინფორმაცია არ აქვს.

შემთხვევის შედეგად, დაშავებულია კიდევ ერთი პირი, რომელიც კლინიკაშია გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა ზემო გურჯაანში, დღეს მოხდა. კერძო პირის სახლში, კედელი ჩამოინგრა და ორი ადამიანი მოიყოლა.