შეიძლება მართლა ვარ დასანქცირებული, არ ვიცი. არც მეილი მომსვლია, არც არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რომ ნიშანი მოეცა ვინმეს. სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, თუ სანქციები მართლაც არსებობს, რა თქმა უნდა, უსამართლოა - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

შეიძლება მართლა ვარ დასანქცირებული, არ ვიცი. არც მეილი მომსვლია, არც არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რომ ნიშანი მოეცა ვინმეს, შენ ხარ დასანქცირებულიო. ცოტა უფრო სერიოზულად თუ ვისაუბრებთ ამ თემაზე, თუ ეს სანქციები ბუნებაში მართლაც არსებობს, რა თქმა უნდა უსამართლოა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძეს ჰკითხეს, ვის, ან რის წინააღმდეგ არის მიმართული აშშ-ის პოლიტიკა, როდესაც „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გადადებას წინ უძღოდა განაცხადი სავიზო რეჟიმის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

„ცოტა გაურკვეველი, გაუგონარი სიტუაციაა. მაგალითად თქვენი კოლეგები „მთავარიდან“ და „პირველიდან“ მეუბნებიან, რომ დასანქცირებული ვარ, სხვა არ მიმხელს არავინ. შეიძლება მართლა ვარ დასანქცირებული, არ ვიცი. არც მეილი მომსვლია, არც არაფერი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში ისეთი, რომ ნიშანი მოეცა ვინმეს, შენ ხარ დასანქცირებულიო. ამ კონტექსტში არ მინდა მათგან [აშშ-დან] არასერიოზულობაზე ვისაუბრო, რადგან [ოპოზიციური მედიისგან] შეფასდება თავდასხმად ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ასეთ სისულელეებსაც კონკრეტული ეთერებიდან გავიგებთ ხოლმე, რომ თავს ვესხმით. ცოტა უფრო სერიოზულად თუ ვისაუბრებთ ამ თემაზე, თუ ეს სანქციები ბუნებაში მართლაც არსებობს, რა თქმა უნდა უსამართლოა.

პირველი შემთხვევაა, როდესაც სანქციაზე მიდის საუბარი იმავე [გამჭვირვალობის შესახებ] კანონისთვის, რაც თავად აშშ-ში მოქმედებს. გახსენდებათ ერთი ფაქტი, რომ ვინმეს გაეპროტესტებინა გაცილებით მკაცრი ანალოგიური კანონი საფრანგეთში, ან თუნდაც კანადაში? რატომ არ გააშუქეთ? - იმიტომ რომ არ იყო. საქართველოში ამას მოჰყვა მასობრივი პროტესტი. რამდენად დიდ ფეიქთან გვქონდა საქმე, საუკუნის აფიორასთან გვაქვს და გვქონდა საქმე, როდესაც ადამიანები თავს იბრაზებენ არარსებული პრობლემის გამო. მხოლოდ შიდა რესურსით ამას ვერ მოახერხებდნენ. ვინ არის გლობალური ომის პარტიაო, თქვენი კოლეგა რომ მეკითხება, მათ და ნებისმიერ მათგანს შევახსენებ, რომ არა ამხელა ჩართულობა გარე ძალების, საქართველოს მოსახლეობის ასე მნიშვნელოვან ნაწილს, თუნდაც 20% იყოს, ვერ დააჯერებდნენ, რომ რუსული კანონი მივიღეთ.

თაღლითები რომ ადამიანს აზიანებენ და ზოგს ბინას, ზოგს ფულს ართმევენ, ეს ადამიანები უჭკუო ადამიანები კი არ არიან, უბრალოდ თაღლითობის ხარისხია ისეთი მაღალი, რომ აჯერებენ. ადვოკატი ვიყავი, მანამდე გამომძიებელი და ძალიან ბევრი გონიერი, წარმატებული კარგი ადამიანი მინახავს დაზარალებული. ასევე გახდნენ თაღლითობის მსხვერპლნი ამ ქვეყანაში და დაიჯერეს, რომ ეს მართლა რუსული კანონია, ამ დროს აშშ-ში გაცილებით უფრო მკაცრი კანონი მოქმედებს და კანადამ და საფრანგეთმა ახლა მიიღო“, - აღნიშნა მდინარაძემ.