შათირიშვილი: ევროპარლამენტი იქცა ორგანოდ, რომლის წარმომადგენლებიც ოლიგარქიული გავლენებით მოქმედებენ. ასეთ განუკითხაობაში კი, „დიპ სტეიტისთვის“ კიდევ უფრო მარტივი ხდება, კონკრეტული საკანონმდებლო ორგანოები საკუთარი აგენტურით დააკომპლექტოს

ზაზა შათირიშვილ

 დღეს მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ევროპარლამენტმა საკუთარი ავტორიტეტი თითქმის სრულად დაკარგა, რაც, ძირითადად იმ დეპუტატების დამსახურებაა, რომლებიც არაობიექტურ და ტენდენციურ ინფორმაციას ავრცელებენ, - ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

ზაზა შათირიშვილი კრიტიკულად აფასებს დემოკრატიის ისეთ გაგებას, რომლის მიხედვითაც, რაც უფრო მეტი პარტიაა წარმოდგენილი, მით უფრო დემოკრატიულად ითვლება ქვეყანა. საბოლოო შედეგად კი მიიღება მყიფე კოალიციები, რომლებიც ხშირად იშლება და ქვეყანა ვადამდელ არჩევნებამდე მიდის, რაც საბოლოო ჯამში პოლიტიკურ არასტაბილურობას იწვევს.

„დღესდღეობით, როგორც წესი, მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებისა თუ დემოკრატიის შესახებ შექმნილი თეორიების თანახმად, რაც მეტი პარტიაა წარმოდგენილი კონკრეტული სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოში, მით უფრო დემოკრატიულად ითვლება ქვეყანა. ძალიან ბევრ ევროპულ სახელმწიფოში ვხვდებით არაერთ პარტიას, რომელიც არჩევნებზე საერთო ხმების მხოლოდ 3, 5 ან 7 პროცენტს იღებს, ყველაზე დიდი მხარდაჭერის მქონე პარტიები კი 20, მაქსიმუმ 25 პროცენტიანი მაჩვენებლის დაფიქსირებას ახერხებენ. სწორედ პლურალიზმის, წარმომადგენლობის მაქსიმალურად გაზრდის სახელით, მივიღეთ მოცემულობა, როდესაც თითქმის შეუძლებელია იპოვო პოლიტიკური ძალა, რომელსაც შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობის აღება, საზოგადოებისთვის მკაფიო პასუხების გაცემა შეუძლია, თუმცა, გამართლების პოვნა მარტივია - ამა თუ იმ პარტიას ხომ არ გააჩნია საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელებისთვის საკმარისი მხარდაჭერა, რის ფონზეც სხვა პოლიტიკურ ძალებთან კონსენსუსი და კომპრომისი უწევს. ამ ფონზე, ხშირია განსხვავებულ პოზიციებზე მდგარ პარტიებს შორის კოალიციების შექმნა და ამ მყიფე ერთობების დაშლა, რასაც ვადამდელი არჩევნები მოჰყვება. მსგავსი ქაოსი შეინიშნება ევროპარლამენტშიც, რომლის რეზოლუციები, გადაწყვეტილებები თუ მოსაზრებები არა სავალდებულო, არამედ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ინსტიტუცია უდიდეს ავტორიტეტს ატარებდა, შესაბამისად, მის რეკომენდაციებსაც აქტიურად ითვალისწინებდნენ კონკრეტული სახელმწიფოებისა თუ თავად ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლები. ამის საპირისპიროდ, დღეს მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ევროპარლამენტმა საკუთარი ავტორიტეტი თითქმის სრულად დაკარგა, რაც, ძირითადად იმ დეპუტატების დამსახურებაა, რომლებიც არაობიექტურ და ტენდენციურ ინფორმაციას ავრცელებენ. ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენი ქვეყანაა, რომელთან დაკავშირებითაც ევროპარლამენტმა სიყალბეზე დაფუძნებული 6 დადგენილება მიიღო, თითოეული მათგანის პუნქტებში კი მარტივად იკითხება ის სიცრუე, რომელიც საქართველოსთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებასა და ზეწოლაზეა ორიენტირებული. ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ დროთა განმავლობაში, ევროპარლამენტი იქცა ორგანოდ, რომლის წარმომადგენლებიც არა ევროპის მოსახლეობის ინტერესებსა და ჭეშმარიტებას იცავენ, არამედ, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედებენ. ისეთ განუკითხაობაში კი, როგორშიც დღეს ევროპის რიგი სახელმწიფოებისა და ევროპის პარლამენტია აღმოჩენილი „დიპ სტეიტისთვის“ კიდევ უფრო მარტივი ხდება, კონკრეტული პარტიები და შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოები საკუთარი აგენტურით დააკომპლექტოს.“- ვკითხულობთ წერილში.

შათირიშვილის თქმით, „თუკი რომელიმე ქვეყანაში, არჩევნებზე, ესა თუ ის პარტია 50 პროცენტიან ან მეტ მხარდაჭერას იღებს და ახერხებს, საკანონმდებლო ორგანოს ნახევარზე მეტი საკუთარი წარმომადგენლებით დააკომპლექტოს“, მაშინვე იწყება კრიტიკა დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით და ამავდროულად, ჩნდება კითხვები მრავალფეროვნებაზე.

„ამის საპირისპიროდ კი, თუკი რომელიმე ქვეყანაში, არჩევნებზე, ესა თუ ის პარტია 50 პროცენტიან ან მეტ მხარდაჭერას იღებს და ახერხებს, საკანონმდებლო ორგანოს ნახევარზე მეტი საკუთარი წარმომადგენლებით დააკომპლექტოს, მაშინვე იწყება კრიტიკა დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით, ჩნდება შეკითხვები მრავალფეროვნებასა თუ წარმომადგენლობისა და მოსახლეობის განწყობებს შორის შესაბამისობაზე. იმ შემთხვევაში კი, თუკი რომელიმე ძალა ხელისუფლებაში დარჩენას 2 ვადაზე მეტი ხნით ახერხებს, ცდილობენ ქვეყანა, ფაქტობრივად, ავტორიტარიზმის საფრთხის წინაშე მდგარ სახელმწიფოდ წარმოაჩინონ და ამის საუკეთესო მაგალითი ისევ საქართველოა. ეს იმ ფონზე, როდესაც დემოკრატიულობის მთავარი საზომი საარჩევნო პროცესში პარტიების ჩართულობის უზრუნველყოფა და მოქალაქეებისთვის შესაძლებლობის მიცემაა, საკუთარი ხმა იმ ძალას მისცენ, რომელიც მათ შეხედულებებს ყველაზე უკეთ ასახავს. ამ თვალსაზრისით, ვერავინ იტყვის, რომ საქართველოში პრობლემები არსებობს - ჩვენს ქვეყანაში ათეულობით პარტიაა დარეგისტრირებული, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება მარტივად შეუძლიათ. ხოლო იმის რეალური მიზეზები, თუ რატომ ვერ იღებენ საკმარის მხარდაჭერას, მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ეძიონ. ნათელია, რომ საქართველოში დემოკრატიულობის პრობლემა არ არსებობს, პრობლემა მხოლოდ ოპოზიციურ სპექტრშია რომლის დიდი ნაწილიც არა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის, არამედ უცხოური ინტერესებით მოქმედებს, შესაბამისად, ის შედეგებიც ლოგიკურია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე ფიქსირდება. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს „დიპ სტეიტისთვის“ დემოკრატიულობის ხარისხი სხვანაირად იზომება - მთავარია პარლამენტში რაც შეიძლება მეტი პარტია, რაც შეიძლება მცირე მხარდაჭერით მოხვდეს, იმისთვის, რომ თითოეულ მათგანზე კონტროლის მოპოვება გამარტივდეს.“- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.