შარმანაშვილი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა სასამართლოს წინაშე დადეს საპროცესო შეთანხმება და ეს მიმართულება სწორია, აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია

თენგიზ შარმანაშვილი

საპროცესო შეთანხმების გაფორმება სწორია და მართალია. ეს ადამიანები საპროცესო შეთანხმებას პარტიასთან კი არ დებენ, სახელმწიფოსთან, სასამართლოს წინაშე. აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილმა კომენტარი გააკეთა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა ნაწილს გაუფორმდა.

„ეს ხალხი მოატყუეს იმ გაგებით, რომ თავის სახელმწიფოსთან არ ჰქონდათ საქმე. ეუბნებოდნენ, რომ საქმე გაქვს რაღაც პოლიტიკურ იდეოლოგიასთან და იმასთან უნდა იყო შეურიგებელიო, მაგრამ ეს ადამიანები თავის სახელმწიფოსთან შეურიგებლობამდე მიიყვანეს, რაც კატასტროფა იყო. საპროცესო შეთანხმების გაფორმება სწორია და მართალია. ეს ადამიანები საპროცესო შეთანხმებას პარტიასთან კი არ დებენ, არამედ სახელმწიფოსთან, სასამართლოს წინაშე. პოლიტიკა არაფერ შუაშია და ეს მიმართულება სწორია. ვინმე თუ იტყვის, ხედავთ, როგორ დათმესო, ჩემი მეგობარიც რომ იყოს, დავუპირისპირდები და ვიტყვი, რომ არასწორი დამოკიდებულებაა, დაამუნათონ, ხელი არ შეუწყონ, რომ სახელმწიფოს პატივისცემას დაუბრუნდნენ ადამიანები, რომელთაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმა უბიძგეს“, – განაცხადა შარმანაშვილმა.