შალვა პაპუაშვილი: ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით და კარგი მაგალითია, როგორ გამოიყენება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტი სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად

შალვა პაპუაშვილი

ცილისწამება და საერთაშორისო ინსტრუმენტების პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება, - პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთო-ს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე, "იმედის" ეთერში გამართულ დებატებზე ისაუბრა.

 

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს კარგი მაგალითია, თუ როგორ გამოიყენება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტი სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.

"ჩვენ ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით, სავსეა მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, რომელიც გასცდა თავის მანდატს და საბოლოო ჯამში, არის კარგი მაგალითი თუ როგორ გამოიყენება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტი სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.

ორი დღით იყო ადამიანი ჩამოსული, რომელსაც არანაირი პროფესიული კავშირი საქართველოსთან არ ჰქონია და რამდენიმე დღეში გვეუბნებიან, რომ 100-გვერდიანი დასკვნა დაწერა - დაწყებული, როგორც ის ეძახის, წამების საკითხებით და დასრულებული უმაღლესი განათლების რეფორმით.

ირკვევა, რომ ეს ექსპერტი პირდაპირ არის დაკავშირებული პოლონეთის მთავრობასთან. პოლონეთის მთავრობის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ჩვენ ვიცით.

ასევე, ვიცით ჩვენ პოლონეთის მთავრობის ნდობით აღჭურვილი ექიმები რომ იყვნენ ჩამოსულები მიხეილ სააკაშვილთან და წინდით გაჰქონდათ უჩუმრად ნიმუშები.  ასე, რომ ესეც ცალკე საკითხია, რომელიც იწვევს ეჭვს", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.