შალვა პაპუაშვილი: უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე აღარ გაიმეორა ბრალდება ე.წ. კონტრაბანდაზე, ამ კუთხით ყველა საკითხი ამოწურულია

შალვა პაპუაშვილი

„უკრაინის პრეზიდენტის პრესკონფერენციაზე ვნახეთ, რომ მან აღარ გაიმეორა ის ბრალდება, რომელიც ე.წ. კონტრაბანდას შეეხება და ამით დაადასტურა, რომ ის ბრალდება, რომელიც წარდგენილი იყო საქართველოს მიმართ არამართებული იყო - ვფიქრობ, ამ კუთხით ყველა საკითხი ამოწურულია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება სანქციებს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენლიდან რიტორიკაში არის ასეთი მიდგომა, რომ თითქოს ქართველი ხალხი მხარს უჭერს, ხოლო ხელისუფლება გარკვეულწილად შეკავებულია.

ამ გამიჯვნას, ხალხსა და მის ხელისუფლებას შორის, ერთადერთი ქვეყანაა რუსეთი, რომელიც ამ ინსტრუმენტს იყენებს და იყენებს უკრაინის მიმართებაში, როდესაც ხალხს მიჯნავს მისი არჩეული ხელისუფლებისგან. ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს ამ ქვეყანას და წარმოადგენს ამ ქვეყანას. ამიტომ, ნებისმიერი გამიჯვნა ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას შორის - მიუღებელია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.