შალვა პაპუაშვილი უკანონო მიგრაციაზე: ერთი მხრივ არის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს, თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის ინდიკატორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების - საფრთხეების მქონე და ეკონომიკურად დაქცეულ ქვეყანაში არავინ მიდის არც ლეგალური და არც არალეგალური გზებით

 შალვა პაპუაშვილი

თუ შევხედავთ უკანონო მიგრაციის გამოწვევებს საქართველოში, ეს ერთი მხრივ არის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებებით. თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის ინდიკატორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ მსოფლიოსთვის და ბევრი ქვეყნისთვის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად იმატებს უკანონო მიგრაციის პრობლემა.

„სხვათა შორის, თუ შევხედავთ უკანონო მიგრაციის გამოწვევებს საქართველოში, ეს ერთი მხრივ არის პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებებით. თუმცა, მეორე მხრივ, ეს არის ინდიკატორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების, იმიტომ, რომ ხდება მომხიბვლელი სხვა ქვეყნებისთვის, საიდანაც ცდილობენ ლეგალური თუ არალეგალური გზით საქართველომდე მოაღწიონ იმისთვის, რომ მიიღონ ის ეკონომიკური სიკეთეები, რომლებითაც შეუძლია, საქართველოში ისარგებლონ. ამიტომ ესეც ინდიკატორია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების. საფრთხეების მქონე და ეკონომიკურად დაქცეულ ქვეყანაში არავინ მიდის არც ლეგალური და არც არალეგალური გზებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება კანონმდებლობას, ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ იზრდება რისკები და ხიბლი იმისა, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში არალეგალური გზებით, მათ შორის სხვადასხვა შეფასებით, 20 ათასამდე არალეგალური მიგრანტია დღეს საქართველოში. შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან სისტემურად უდგება ამ პრობლემას - უკანონო მიგრანტების გამოვლენას და ქვეყნიდან მათ გაძევებას. პარლამენტი მთავრობასთან კონსულტაციით მუდმივად აკვირდება, თუ რა სამართლებრივი მექანიზმებია კიდევ დამატებით საჭირო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და სწორედ ეს პროცესია, რომ ჩვენ მივცეთ ყველა სამართლებრივი მექანიზმი, რათა ეფექტიანად შეძლონ ამ პრობლემის აღმოფხვრა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.