შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი ინვესტიცია შემოდის და ამ ინვესტიციას უნდათ, რომ შეუქმნან პრობლემა. რაც შეეხება მიზნებს, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის ინტერესით

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი ინვესტიცია შემოდის და ამ ინვესტიციას უნდათ, რომ შეუქმნან პრობლემა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „Emaar ჯგუფის“ ინვესტიციასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის ინტერესით.

„პირველი, ჩვენ ეს პროცესი უნდა დავინახოთ ზოგად ჭრილში, როდესაც პოლიტიკური ძალები ცდილობენ და უკვე მერამდენეჯერ ქსენოფობიური პოლიტიკის განხორციელებას ან ქსენოფობიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას. განსაკუთრებით თვალში საცემია, ჩვენს თვალში არაკონსტიტუციური პარტიის, „ლელოს“ პირდაპირ პროპაგანდა ამასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ არის ქსენოფობიური.

„ლელო“, რომელსაც პირდაპირ ეფერება და ეხუტება სხვადასხვა ევროპული პოლიტიკური ჯგუფი. არიან „ALDE“-ს წევრები და ეს არ არის პირველი შემთხვევა მათი ქსენოფობიური კამპანიისა. ასე უნდა შევხედოთ დიდ სურათს. პოლიტიკური პარტია, რომელიც დაფუძნდა თაღლითური მიზნით, რომ მამუკა ხაზარაძეს საკუთარი გამდიდრებისთვის ბიუჯეტიდან მილიარდ ნახევარი მიეღო და მას აღიარებული აქვს, რომ ანაკლიის ქეისის გამო და პრობლემის გამო დააფუძნა პარტია, რათა მიეღო ფული. ადამიანი, რომელიც ქსენოფობიურ კამპანიას ეწევა, არის „ALDE“-ს წევრი, გამოდის რომ „ALDE“ არის ქსენოფობიური პოლიტიკის წამახალისებელი გაერთიანება და ეს უნდა დავიმახსოვროთ. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ პოლიტიკოსებს ხელს ჩამოართმევს სხვადასხვა ელჩი, ხელს ჩამოართმევს სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსი, უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი ამ ხელის ჩამორთმევით ქსენოფობიას ახალისებენ „ლელოს“ წარმომადგენლების სახით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რაც შეეხება შინაარსს, აბსოლუტურად აბსურდია რაზეც არის საუბარი.

„უპირველეს ყოვლისა, ეს არის ერთობლივი პროექტი, სადაც საქართველო მონაწილეობს ამ პროექტის განხორციელებაში და ეს არის ისეთივე ბანალური, პრიმიტიული, ქსენოფობიური კამპანია, რაც თავის დროზე ჰქონდათ ვარკეთილში, სადაც აშენებულია ჩინური ინვესტიციით, მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსები, „ჰუალინგის პლაზა“ და იქ არსებული საცხოვრებელი კორპუსები. გახსოვთ თქვენ, ზუსტად იგივე ძალები, დღეს ალბათ ვიღაცები მიემატნენ, მაგრამ ზუსტად იგივე ძალები როგორ ამბობდნენ, რომ თითქოს ვარკეთილში შენდებოდა დასახლება, იქ ჩინელებს უნდა ეცხოვრათ. წავიდნენ ერთი ნახონ, ვინ ცხოვრობს იმ დასახლებაში. ამის ასე წარმოჩენას აქვს მეორე მიზანი, არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ხელის შეშლა და დაზიანება.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი ინვესტიცია შემოდის და ამ ინვესტიციას უნდათ, რომ შეუქმნან პრობლემა. რაც შეეხება მიზნებს, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის ინტერესით, მოქმედებს მხოლოდ საქართველოს გამთლიანების უზრუნველყოფის ინტერესით და მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ინტერესებში. ასე, რომ ნებისმიერი კომერციული თუ პოლიტიკური პროექტი თუ გადაწყვეტილება, ემსახურება ჩვენი ეროვნული ინტერესების განხორციელებას და ჩვენი ხალხის კეთილდღეობის გაზრდას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.