შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილი თვითმარქვია პრეზიდენტია, შტანდარტით დადის, საზღვარგარეთ თუ დააქვს, არ ვიცი, ალბათ, დაკეცავს და მიაქვს, ამას ჰოლივუდის თუ არა, ბოლივუდის ფილმი მოუხდებოდა

შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილი ჩვეულებრივი თაღლითია, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტია, კომიკური მდგომარეობაა, ალბათ, ყველაფერი რომ ჩაივლის, ამაზე ფილმიც უნდა გადაიღონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ევროპულ ოჯახში, რომლის წევრობაც საქართველოს სურს, არსებობენ ადამიანები, რომელთაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად მიაჩნიათ.

„სალომე ზურაბიშვილი თვითმარქვია პრეზიდენტია, რომელიც შტანდარტით დადის. არ ვიცი, საზღვარგარეთ თუ დააქვს, ალბათ, დაკეცავს და მიაქვს ხოლმე. ამ შტანდარდით დადის, ჩვეულებრივი თაღლითია, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტია. კომიკური მდგომარეობაა. ალბათ, ყველაფერი რომ ჩაივლის, ამაზე ფილმიც უნდა გადაიღონ. როგორ ზის საქართველოში ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტია.

სხვათა შორის, კახელებმა იციან ისტორია, ერთმა ადამიანმა თავი მეფედ გამოაცხადა. პრეფექტების პერიოდი იყო, ვეზირები ჰყავდა. ჩემს მშობლიურ კუთხეში, ერთ-ერთ ციხე-სიმაგრეში გამაგრდა, სადაც მეციხოვნეები ჰყავდა. ვინმე რომ მივიდოდა, მათ მეციხოვნეები ხვდებოდნენ და დანაბარებს მეფეს გადავცემთო. ახლაც ასეთი მდგომარეობა გვაქვს. საქმე არათუ აბსურდთან გვაქვს, არამედ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან, რასაც ვაკვირდებით. ამაზე უნდა გვეცინებოდეს, მაგრამ როგორ გაიცინებ, როცა ხედავ, ევროპაში ხალხი არსებობს, რომელზეც ვამბობთ, ამ ოჯახის წევრი გვინდა ვიყოთo და ამ ამ ოჯახიდან ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ ეს არის ნამდვილი პრეზიდენტი. ამას ჰოლივუდის თუ არა, ბოლივუდის ფილმი მოუხდებოდა.

სუფთა ფურცელი გულისხმობს იმას, რომ რაც ჩვენს ურთიერთობაში უსამართლოა, უნდა აღმოიფხვრას, მათ შორის დაბრალებები, რაც ჰელსინკის კომისიაში გვესმის. დავიბენით, რუსეთი, ირანი, ჩინეთი – სამმაგი აგენტები ვყოფილვართ მთელი სახელმწიფო, უილსონს რომ დავუჯეროთ. ალბათ, მისი ფანტაზია გასწვდება და სხვა სახელმწიფოს დაგვიმატებს. ასეთი თავდასხმები, ქვეყნისა და ხალხის ლანძღვა უნდა დასრულდეს, ეს უსამართლობაა. პოლიტიკის აწყობა უნდა მოხდეს არა გავლენებით და მავნე იდეოლოგიებით, არამედ ინტერესებით. ეს არის ამერიკის ინტერესი და ამას ტრამპი ღიად ამბობს. სხვებს ეკითხება, თქვენი ინტერესი რა არისო. ვხედავთ, ყველას ეუბნებიან, რა არის ამერიკის ინტერესი. ეკითხებიან, მათი ინტერესი რა არის და სად შეიძლება თანხვედრა იყოს. ეს არის დიპლომატია და არა, თავსმოხვევა საკუთარი იდეოლოგიის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკას სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას სთავაზობს.

„მგონი, არაერთხელ ვაჩვენეთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, რომ ჩვენ არ ვეჭიდებით წითელ ხალიჩებს, ჩვენთვის მთავარი არ არის, ვინ ვის ხელი ჩამოართვა, არამედ მნიშვნელოვანია შინაარსი. შინაარსია შემდეგი, ამერიკის წინა ადმინისტრაციამ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მძიმედ დააზიანა, რომელსაც გამოსწორება სჭირდება, მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტა. მზაობა გამოვთქვით, რომ ეს ფურცელი გადავშალოთ და ვთქვით, ამერიკელ ხალხს ქართველი ხალხისგან და მისი ხელისუფლებისგან კარგის და გვერდში დგომის გარდა არასოდეს არაფერი უგრძვნია.

ამის საპირისპიროდ, წინა ადმინისტრაციის მხრიდან ქართველი ხალხის წინააღმდეგ ნაბიჯებს და ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მცდელობას ვხედავდით. მზად ვართ, ეს ფურცელიც გადავშალოთ და ამერიკას სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ვთავაზობთ, რომელიც წინასწარ განსაზღვრული, ერთმანეთის პატივისცემაზე იქნება დაფუძნებული. მთავარი საკითხია, რომ ამერიკასთან შინაარსიანი პარტნიორობა გვქონდეს. სამუშაო შეხვედრები არასოდეს შეწყვეტილა საგარეო უწყებებს და დიპლომატიურ წარმომადგენლობას შორის. სამუშაო პროცესი გრძელდება, თუმცა ჩვენთვის მთავარია, პოლიტიკური დონე, რომელიც გულისხმობს ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.