შალვა პაპუაშვილი: საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არ არის ვინმეს ნება, ეს არის ვალდებულება, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. პირი, რომელიც დაბარებული იქნება, ვალდებულია გამოცხადდეს კომისიაზე და მისცეს ჩვენება

შალვა პაპუაშვილი

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დააინიციირა საგამოძიებო კომისია, რომელიც ოთხშაბათს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით იქნება დაფუძნებული, შემდეგ გათვალისწინებული იქნება კვოტები პოლიტიკური ჯგუფებისთვის, ფრაქციებისთვის, დაკომპლექტდება უკვე შემდგენლობით და დაიწყებს მუშაობას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას.

„როგორც იცით ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე 6 თვის განმავლობაში საგამოძიებო კომისიამ იმუშაოს და შედეგები შეაჯამოს უკვე სექტემბერში, საშემოდგომო სესიის დაწყებისთვის. უკვე მივიღეთ ამასთან დაკავშირებით დადგენილება.

რაც შეეხება კომისიასთან თანამშრომლობას, ეს არ არის ვინმეს ნება, ეს არის ვალდებულება, რომელიც კანონით და მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომ პირი, რომელიც დაბარებული იქნება საგამოძიებო კომისიის მხრიდან, გამოცხადდეს კომისიაზე და მისცეს ჩვენება.

თქვენ ცოტა ხნის წინ ნახეთ, რომ პოლონეთში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ყოფილი იუსტიციის მინისტრი არ გამოცხადდა, ის დააპატიმრეს და მიიყვანეს საგამოძიებო კომისიაში. ამიტომ საგამოძიებო კომისია არის სპეციალური საკონსტიტუციო სტატუსის მქონე ინსტიტუცია, რომელსაც აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილება, მათ შორის სისხლის სამართლებრივი კოდექსით დაცული არის მისი ფუნქციონირება, ამიტომ ყველა ვალდებულია ითანამშრომლოს კომისიასთან, მისცეს ჩვენება. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის პირები, რომლებიც დაბარებული იქნებიან კომისიაზე, მოვლენ და მისცემენ შესაბამის ჩვენებას.

თუკი არაფერი არ აქვთ დასამალი და არ ფიქრობენ, რომ დანაშაული აქვთ ჩადენილი, რატომ არ უნდა უნდოდეთ საჯაროდ, იცით თქვენ, რომ საჯარო სხდომები იქნება, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა, დადგნენ და უპასუხონ იმ კითხვებს, რომელიც დღემდე პასუხგაუცემელი აქვს ჩვენ საზოგადოებას. რომ წლების განმავლობაში განსაკუთრებით 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელმა მფარველებმა ხელი შეუშალეს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულების სრულად გამოძიებას, მას არა მხოლოდ მისცეს თავშესაფარი, არამედ დააწინაურეს, ჩასვეს უკრაინის ხელისუფლებაში როგორც თვალი და ყური და ვნახეთ რა დაატრიალა ასეთი ხალხის ჩასმამ უკრაინის ხელისუფლებაში, ამიტომ მე მაქვს მოლოდინი, რომ ყველა ითანამშრომლებს და შესაბამის ჩვენებს მისცემს საგამოძიებო კომისიას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.