შალვა პაპუაშვილი: რა არის ამაში პრობლემა, გამოვიდეს შვედეთის ელჩი და განმარტოს, ლგბტ ქორწინების დაშვება არის თუ არა შვედეთის მთავრობის კრიტერიუმი კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას

 შალვა პაპუაშვილი

რა არის ამაში პრობლემა, გამოვიდეს შვედეთის ელჩი და განმარტოს, ლგბტ ქორწინების დაშვება არის თუ არა შვედეთის მთავრობის კრიტერიუმი კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე საუბრისას.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ჩანს სამწუხარო ტენდენციას, როდესაც უყურებენ არა საერთო წესებს, პროცედურებს და კრიტერიუმებს ევროკავშირში წინსვლის, არამედ ყველა სახელმწიფო საკუთარ დღის წესრიგს და თავის გემოვნებას არგებს ევროპულ ინტეგრაციას, შვედეთის პრემიერ-მინისტრისთვის კი მაინცდამაინც ლგბტ ქორწინებაა გამორჩეული.

„ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ სამწუხარო ტენდენციას და ეს ბალტიის ქვეყნებმა დაიწყეს. უყურებენ არა საერთო წესებს, პროცედურებს და კრიტერიუმებს ევროკავშირში წინსვლის, არამედ ყველა სახელმწიფო საკუთარ დღის წესრიგს იღებს და თავის გემოვნებაზე არგებს ევროპულ ინტეგრაციას. შვედეთის პრემიერ-მინისტრისთვის რატომღაც მაინცდამაინც ლგბტ ქორწინებაა გამორჩეული, ვიღაცისთვის რაღაც სხვა იქნება და 27 ქვეყნის გემოვნებაზე უნდა იარონ კანდიდატმა ქვეყნებმა? ეს პროცედურა უნდათ, რომ დანერგონ ევროკავშირში ინტეგრაციის?

გარდა შინაარსისა, ამავე დროს მთავარია ის პროცედურული თვითნებობა, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ესა თუ ის ქვეყანა იგონებს დამატებით კრიტერიუმებს, რომელიც მისი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია და თავს ახვევს გაწევრიანების პროცესს.

მას შემდეგ, რაც იყო ევროკომისიის წერილი, სადაც მოითხოვდნენ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებას, იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადება, რომელიც ზუსტად ამ საკითხებს ეხება. მათ თქვეს, რომ ყოველ ჯერზე ეკლესიის მიმართ იყო პირობა ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან, რომ არ იქნებოდა არანაირი მოთხოვნა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რომელზეც ევროპა დგას.

ამ განცხადების შემდეგ თავისივე ენჯეოები დაასიეს საქართველოს საპატრიარქოს, რომ თითქოს არავინ არაფერს ითხოვს. ახლა ისევ გვესმის, რომ შვედეთის პრემიერი ითხოვს. რა არის ამაში პრობლემა, გამოვიდეს შვედეთის ელჩი და განმარტოს, არის თუ არა ეს შვედეთის მთავრობის კრიტერიუმი, როდესაც მათ შორის ლგბტ ქორწინების დაშვება არის თუ არა შვედეთის სახელმწიფოსთვის კრიტერიუმი კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.