შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობა მოხდა ევროკავშირის დროშით ხელში, ამაზე თვალს ხუჭავს ევროკავშირის საელჩო, ევროკომისია, რაც კატასტროფაა

შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის ელჩს შევთავაზებდი, არ დაგმოს, თქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არ არის ევროპული საქციელი. აბა, ამას მაინც თუ იტყვის, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერს დაანონსებული იყო ძალადობა, დაანონსებული იყო ნეპალი, რაც, პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლების სისხლიან დამხობას ნიშნავს.

„ტრადიციულად, 4 იანვარსაც ვაპირებდი გამოხმაურებას, რომ 4 ოქტომბრიდან გავიდა სამი თვე და ევროკავშირი ჯერ კიდევ არ გმობს ძალადობას, თუმცა საახალწლო დღეები იყო და ზედმეტად არ დავტვირთე საზოგადოება. მოვა 4 თებერვალი და დაველოდოთ, იქნებ, მანამდე მაინც ვეღირსოთ ევროკავშირის ელჩის ერთ განცხადებას მაინც. ასეთ წინადადებას შევთავაზებდი, არ დაგმოს, თქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი არ არის ევროპული საქციელი. აბა, ამას მაინც თუ იტყვის ევროკავშირის ელჩი. დღემდე არ დაუგმია ევროკავშირს მათ მიერ მხარდაჭერილი ხალხის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი. შტურმში ვინც მონაწილეობდა, ყველას სახეს ნახავთ სხვადასხვა მიღებაზე საელჩოებში, სხვადასხვა „ენჯეოში“ თანამშრომლებად, დაფინანსებამიღებულ ხალხს. მათ შორის ამას აკეთებდნენ ევროკავშირის დროშით. საქართველოში პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობა მოხდა ევროკავშირის დროშით ხელში და ამას ამართლებს, თვალს უხუჭავს ევროკავშირის საელჩო, კომისია, რაც კატასტროფაა. არათუ დაგმობა არ მოჰყოლია, არამედ ეს იყო ევროკომისიის სპიკერის მხრიდან მხარდაჭერილი ნეპალის სცენარი საქართველოში. 4 ოქტომბერს დაანონსებული იყო ძალადობა, დაანონსებული იყო ნეპალი, რაც ნიშნავს ხელისუფლების სისხლიან დამხობას. ევროკომისიის სპიკერს ხაზგასმით კითხეს, რას ფიქრობთ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის შეკრებასთან დაკავშირებითო. თქვა, რომ სოლიდარულია და მხარს უჭერს. დღემდე ბოდიში არ მოუხდია, განმარტება არ გაუკეთებია არავის ევროკავშირიდან. უკვე პროცესში ვნახეთ მხარდაჭერა ბრიუსელიდან. პირდაპირ შტურმი მიმდინარეობდა პრეზიდენტის სასახლის და ამ პროცესში ვნახეთ ბრიუსელიდან მხარდამჭერი პოსტები, ტვიტები, თუ X-ები. მათ შორის მოლდოვის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ამ ძალადობას მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის, მისი კოლეგის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი მიდიოდა. წელიწადში ერთხელ რომ ვახსენდებით ხოლმე მოლდოვის პრეზიდენტს, გავახსენდით და მხარი დაუჭირა ამ ძალადობას. რა თქმა უნდა, ეს ეჭვს აღვივებს, რომ საქართველოში ნეპალის ძალადობრივი სცენარის განხორციელების საერთო, ორკესტრირებული, კოორდინირებული საინფორმაციო მხარდაჭერა იყო. ვუყურებთ იმ ფარისეველ ევროპელებს, რომლებმაც ამას მხარი დაუჭირეს. როგორც კი ოქტომბრის რევოლუცია ჩაფლავდა, როგორც ეს ეკადრებათ ევროპიდან გამოუცდელი ხალხის დაგეგმილ ძალადობრივ აქციებს, ყველა დაიმალა კუთხეებში და დღემდე ხმას არ იღებენ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით.  რაც შეეხება თვითონ სასამართლო პროცესებს, დეტალურად თვალყურს არ ვადევნებ, მაგრამ საქართველოს დედაქალაქის ცენტრში მოხდა ყველაფერი. არ ვიცი, რამდენი ტელევიზიით, რამდენი პირდაპირი ჩართვისას, რამდენი სოცმედიის ანგარიშიდან ცოცხალ რეჟიმში უყურებდით სისხლიანი გადატრიალების მცდელობას. ჩვენთვის ადამიანურად, პოლიტიკურად ყველაფერი გასაგებია. ვის რა სამართლებრივი კვალიფიკაცია ეკუთვნის, ამას სასამართლო დაადგენს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.