შალვა პაპუაშვილი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა რეესტრზე: განსაკუთრებული სპეკულაციაა, როდესაც სამედიცინო მუშაკების მხრიდან ხდება ჯანმრთელობის თემით სპეკულაცია. მათ შორის ვხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს

შალვა პაპუაშვილი

განსაკუთრებული სპეკულაციაა, როდესაც სამედიცინო მუშაკების მხრიდან ხდება ჯანმრთელობის თემით სპეკულაცია. მათ შორის ვხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს, რომლებიც შეიძლება პროფესიით ექიმები არიან და ამას იყენებენ პოლიტიკური მიზნისთვის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რაში დასჭირდება სახელმწიფოს ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა, რადგან ნარკოლოგები და ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს გამოყენებული იქნება პოლიტიკური მანიპულაციისთვის, რადგან პაციენტის პირადი ინფორმაცია არ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.

„განსაკუთრებული სპეკულაციაა, როდესაც სამედიცინო მუშაკების მხრიდან ხდება ჯანმრთელობის თემით სპეკულაცია. მათ შორის ვხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს, რომლებიც შეიძლება პროფესიით ექიმები არიან და ამას იყენებენ პოლიტიკური მიზნისთვის.

რაც შეეხება სახელმწიფოს, სხვადასხვა სახის მონაცემები აქვს, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო დაფინანსების და დაზღვევის ფარგლებში ინფორმაცია აქვს ადამიანების სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით. როდესაც მკურნალობენ და უფასოა ჩვენთან მკურნალობის დიდი ნაწილი, როდესაც მიმართავენ ჯანდაცვის სამინისტროს, ეს ინფორმაციები არსებობს. ამიტომ გვაქვს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონი, ამიტომაა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, რომელიც დაცულია. ბევრი სენსიტიური მონაცემია, მათ შორის ჯანმრთელობის მხრივაც. ფსიქიკური ჯანმრთელობის ან სხვა მხრივ პრობლემა თუ აქვს, რომ მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე, ჯანდაცვის სამინისტრო არ იგებს რა პრობლემა აქვს?!“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა 9 დეკემბერს მესამე მოსმენით მიიღო „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის შექმნას ითვალისწინებს.