შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს თავს მომსხდარი არიან ევროპულობის მტრები, მას საბჭოთა კავშირის ანალოგიად აქცევენ, სინამდვილეში, დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირის დამცველები და რამდენიმე ქვეყანა ევროკავშირის შიგნით

 შალვა პაპუაშვილი

მარკეტა გრეგოროვა არის მეკობრეების პარტიის წევრი. როგორც ერთ-ერთი მეკობრე, თავს ესხმის მედიას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტმა პაპუაშვილს ჰკითხა: „მარკეტა გრეგოროვას ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ რუბლებს ურიცხავენ ელენე ხოშტარიას. განაცხადა, რომ პირველად ესმოდა ამის შესახებ, თუმცა დამაზუსტებელ კითხვებზე არ გვიპასუხა. თქვა, რომ ტელეკომპანია „იმედი“ არის სამთავრობო ტელევიზია და აკრძალული, დასანქცირებული უნდა ვიყოთ სტრასბურგშიც. არის თუ არა ეს მედიაზე თავდასხმა და თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მცდელობა?“

„უკვე ყველამ გამოაჩინა თავისი სახე. საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა არის, რასაც ახლა ვაკვირდებით. გრეგოროვა არის მეკობრეების პარტიის წევრი. მგონი, ეს უკვე ბევრს მეტყველებს მასთან დაკავშირებით. როგორც ერთ-ერთი მეკობრე, თავს ესხმის მედიას. წარმოგიდგენიათ, ყველაზე მარგინალური ადამიანი ქართულ პოლიტიკაში რომ ლაპარაკობდეს ჩეხეთის პოლიტიკაზე, ერთვებოდეს იქ და თავს ესხმოდეს მედიას. სასაცილოა ეს. რაღაც პერიოდი ამას ჩვენ არასერიოზულად ვუყურებდით, მაგრამ ახლა სერიოზული გააზრება სჭირდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს ევროკავშირი სულ უფრო მეტად ხდება საბჭოთა შინაარსის.

„ბოლო პერიოდი განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აშშ-ც, რომ დღევანდელ ბრიუსელს აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიჰყავს ევროკავშირი. სულ უფრო აკლდება ნიშნები ევროპულობისა და მხოლოდ სახელად რჩება ევროპული. ჩვეულებრივი კავშირია, რომელიც უფრო მეტად ხდება საბჭოთა შინაარსის, ვიდრე ევროპული შინაარსია. საბჭოთა კავშირი ვისაც გამოვლილი აქვს, ის პირდაპირ ხედავს ამას. ეს ჩანს, ვგრძნობთ, ვხედავთ, გვახსენდება ის ესთეტიკა, შინაარსი, რაც საბჭოთა კავშირში იყო. რა დამოკიდებულებაც იყო, დღევანდელი ბრიუსელის მეშვეობით ერთი ერთში ხდება ამ ყველაფრის რეირკარნაცია ევროკავშირში. ეს არის სამწუხარო. ჩვენ ვუფრთხილდებით ევროკავშირს და ევროპას. სინამდვილეში, ჩვენ ვართ დღეს ევროკავშირის დამცველები და რამდენიმე ქვეყანა ევროკავშირის შიგნით: უნგრეთი, სლოვაკეთი და სხვები. მათ შორის პოლიტიკური ძალები. დღეს ევროკავშირს თავს მომსხდარი არიან ევროპულობის მტრები, რომლებიც ევროკავშირს აცლიან ყველაფერს, რაც არის ევროპული და მას აქცევენ საბჭოთა კავშირის 21-ე საუკუნის ანალოგიად როგორც იერარქიით, სტრუქტურით, ისე თავისი ღირებულებებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.