შალვა პაპუაშვილი: დღევანდელ სამყაროში ადვილია მიიღო განათლება, ცოდნა, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ფასეულობები, რომელიც უნდა შეიძინოს ყველა მოზარდმა და ამ ფასეულობებს შორის უპირველესია პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული

შალვა პაპუაშვილი

დღევანდელ სამყაროში ადვილია მიიღო განათლება, ცოდნა, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ფასეულობები, რომელიც უნდა შეიძინოს ყველა მოზარდმა და ამ ფასეულობებს შორის უპირველესია პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოჯორში, ჯარის ბანაკის გახსნაზე.

მისი თქმით, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული დიდ პრივილეგიასთან ერთად არის უდიდესი პასუხისმგებლობა და სწორედ ესაა ამ პროექტის მიზანი, რომ იქ მყოფი ახალგაზრდები ამ პასუხისმგებლობისთვის მოამზადოს.

„მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა უკვე მეოთხე ნაკადთან შეგხვდეთ და გესაუბროთ იმ თემაზე, რასაც ატარებს ჯარის ბანაკი. ამ ადგილთან მაქვს სპეციფიკური, ემოციური კავშირი. წლების წინ აქ, კოჯორში გავიარე რეზერვისტთა მომზადების კურსი. ასე რომ ეს ადგილი ბევრ მოგონებას აცოცხლებს ჩემში და სწორედ ეს არის, რაც მინდა, რომ განსაკუთრებით გისურვოთ, რომ ეს დღეები, რომელსაც აქ, ჯარის ბანაკში გაატარებთ, გამოიყენოთ იმისთვის, რომ ჩამოაყალიბოთ ახალი მეგობრობა, მიიღოთ ცოდნა, რომელიც ბანაკის ფარგლებში გადმოგეცემათ და უბრალოდ ამ მშვენიერ გარემოში იფიქროთ თქვენს სამშობლოზე, ოჯახზე და თქვენი ქვეყნის მომავალზე.

საზაფხულო შეკრებებს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა წარსულშიც. სხვადასხვა თემით, სპორტული, საგანმანათლებლო, სამთო, სალაშქრო და სხვადასხვა სახის შეკრება იმართებოდა ხოლმე, რომელიც ყოველთვის იბეჭდებოდა იმ მოზარდების გულსა და გონებაში, ვინც ამ შეკრებებში მონაწილეობდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხდით დამოუკიდებელი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ჯარის თემატიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ქვეყანა, რომელსაც ასე საამაყო სამხედრო მოსამსახურეები და ჯარი ჰყავს, რომლებმაც არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ქვეყნის დაძახილზე ყოველ წამს მზად არიან დადგნენ ჩვენი ქვეყნის, ინტერესებისა და მოსახლეობის დასაცავად. ამიტომ ჯარის თემატიკა განსაკუთრებული შინაარსისაა. დღევანდელ სამყაროში ადვილია მიიღო განათლება, ცოდნა, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ფასეულობები, რომელიც უნდა შეიძინოს ყველა მოზარდმა და ამ ფასეულობებს შორის უპირველესია პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული. რა თქმა უნდა, ამ ფასეულობების შეძენას სჭირდება თავისი გარემო. სად, თუ არა ჯარში არის ის გარემო, სადაც თქვენ შეგიძლიათ შეიგრძნოთ პატრიოტიზმის სიხარულიც და ტვირთიც. ეს ორივე ერთადაა ჯარში, როგორც პასუხისმგებლობა და გააზრება იმის, რომ ქვეყნის სამსახურში დგება ადამიანი. მინდა გისურვოთ, რომ გქონდეთ საუკეთესო დღეები. გაატაროთ ეს დღეები იმ შეგრძნებით, რომ მოვა დრო, როცა თქვენ, როგორც მშობლები, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები პასუხისმგებლობას აიღებთ თქვენს ოჯახზე, ქვეყანაზე. ამიტომაცაა ჩვენი და ამ პროექტის ვალდებულება, რომ ამ პასუხისმგებლობისთვის იყოთ მზად, რადგან პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული დიდ პრივილეგიასთან ერთად არის უდიდესი პასუხისმგებლობა. გისურვეთ საინტერესო დღეებს ჯარის ბანაკში და გისურვებთ, რომ ეს დღეები სამუდამოდ აღბეჭდილიყოს თქვენს გონებასა და გულში“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.