ეს არის მათი ბრძოლა და ამაში თავს დამნაშავედ ვერცერთი მათგანი ვერ იგრძნობს - ირაკლი აბესაძე დაკავებულ პოლიტიკოსებზე

ირაკლი აბესაძე

თბილისის საქალაქო სასამართლომ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობს, რასაც დავის მხარე არ ეთანხმება.

სიტყვით ისარგებლეს დაკავებულებმა. არცერთი მათგანი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

ხუთივე დაკავებულს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ედება ბრალად.

საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს დაკავებულების უფლებადამცველებმა. ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, საქმეში არ დევს მტკიცებულება, რომელიც პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს დაადასტურებს.

"არცერთი პოლიტიკური პატიმარი ბრალს არ აღიარებს. ვერ ვნახეთ მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა რომელიმე იმ ქმედების განხორციელებას, რაზეც პროკურატურას ბრალი აქვს წარდგენილი ამ ადამიანების მიმართ.

პროკურატურა, სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ შეძლებს ბრალის დასაბუთებას, ისევე, როგორც ვერ შეძლო დღეს პატიმრობის საჭიროების დასაბუთება", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ირაკლი ნადირაძის ადვოკატის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"გარდა მოქალაქეების მიმართო მოწოდებისა, რომ შევკრებილიყავით მშვიდობიანად და, რა თქმა უნდა, ქვეყანა დაგვებრუნებინა კონსტიტუციურ წესრიგში, ამის მეტი არანაირი ორგანიზება არ არსებობდა. ამიტომ შეიძლება რომელიმე ჟურნალისტს მოგეჩვენათ, რომ განსხვავებული პოზიცია იყო, რომ რაღაცა ვიღაცამ განსხვავებულად თქვა, სინამდვილეში, ერთი, რაც ყველა ბრალდებულმა თქვა, ეს არის მათი ბრძოლა და ამაში თავს დამნაშავედ ვერცერთი მათგანი ვერ იგრძნობს", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.