შალვა პაპუაშვილი: ჩვენ მივყვებით ჩვენს პოლიტიკას. გამოცდილება აჩვენებს, რომ როდესაც მივყვებით ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ვატარებთ ჩვენს პოლიტიკას და არ ვართ აყოლილი არცერთი ქვეყნის პოლიტიკაზე, საქართველო მაშინ იმარჯვებს და მიდის წინ

 შალვა პაპუაშვილი

ჩვენ მივყვებით ჩვენს პოლიტიკას. გამოცდილება აჩვენებს, რომ როდესაც მივყვებით ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ვატარებთ ჩვენს პოლიტიკას და არ ვართ აყოლილი არცერთი ქვეყნის პოლიტიკაზე, საქართველო მაშინ იმარჯვებს და მიდის წინ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს მთავარი ეროვნული ამოცანა არის ქვეყნის გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობის ზრდა.

„ორივე არის უალტერნატივო ეროვნული ამოცანა, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ სისტემური მიდგომით მივდივართ. ადრე თუ გვიან ყველას მოუწვეს ამ რეალობასთან შეგუება, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვერავინ ვერ დაარღვევს. ჩვენ ვაცხადებთ, რომ სწორედ ჩვენი ეკონომიკური ზრდით შევქმნით შესაბამის პირობებს, რომ შემდეგ ამ რეალობას ყველამ გაუსწოროს თვალი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რაიმე მავნე ინტერესი აღარავის ჰქონდეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.