შალვა პაპუაშვილი: არის ახალი ტენდენცია ბრიუსელიდან, ხდება მოფიქრება, რაღაც დამატებითი მოთხოვნების, რომელიც არ არის განსაზღვრული არც დირექტივებით და არც სხვა მკაცრი დოკუმენტებით. მაგალითად, მოსამართლეების ვეტინგი

შალვა პაპუაშვილი

მოლაპარაკებების დარქმევა ამ პროცესისთვის არის აბსოლუტური ფარსი და ამის წარმოჩენა, თითქოს ეს არის რაღაც ორმხრივი პროცესი - სინამდვილეში, არის ცალმხრივად დავალებების მიცემა და ამ დავალებების ბრიუსელის არარჩეული ბიუროკრატების გემოზე შესრულება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმების გეგმის მიხედვით, საქართველოში უკვე ევროკავშირის კანონმდებლობის ნახევარი გადმოტანილია, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ხდება მოფიქრება, რაღაც დამატებითი მოთხოვნების, რაც არის ახალი ტენდენცია ბრიუსელიდან. ასეთ მაგალითად მან მოსამართლეების ვეტინგი დაასახელა.

„ერთი სიმართლე ყველამ უნდა იცოდეს, სინამდვილეში, არანაირი მოლაპარაკება არ არსებობს გაწევრიანებაზე, ეს გახლავთ ბრიუსელის დავალებების შესრულების პროცესი, რომელიც არის და ამას ბრიუსელიც აღიარებს-ხოლმე. მოლაპარაკებების დარქმევა ამ პროცესისთვის არის აბსოლუტური ფარსი და ამის წარმოჩენა, თითქოს ეს არის რაღაც ორმხრივი პროცესი, სინამდვილეში, არის ცალმხრივად დავალებების მიცემა და ამ დავალებების ბრიუსელის არარჩეული ბიუროკრატების გემოზე შესრულება. იქ იმ თავისუფლებასაც არ გიტოვებენ, რომ რაღაც სხვადასხვა ოფცია გქონდეს - მეტი-მეტი რაც შეიძლება იყოს, გადავადდეს რაღაც ვალდებულებების შესრულება.

ერთი მხრივ, გასაგებია, თუ გინდა რაღაც ორგანიზაციის წევრობა, თუკი არის რაღაც დირექტივები, ნორმები, რომელიც უნდა გადმოიტანო შენს კანონმდებლობაში, რა თქმა უნდა, ეს უნდა შეასრულო. შეგახსენებთ, რომ საქართველოში უკვე ევროკავშირის კანონმდებლობის ნახევარი გადმოტანილია ასოცირების შეთანხმების გეგმით, რომლითაც მივდივართ. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ, რაც არის ახალი ტენდენცია ბრიუსელიდან, ხდება მოფიქრება, რაღაც დამატებითი მოთხოვნების, რომელიც არ არის განსაზღვრული არც დირექტივებით და არც სხვა მკაცრი დოკუმენტებით. მაგალითად, მოსამართლეების ვეტინგი, რაც არის აბსოლუტური ფანტაზიის ნაყოფი არ არჩეული ევრობიუროკრატების და არც ერთი ევროკავშირის დოკუმენტი, დირექტივა თუ სხვა რამ ასეთ რამეს არ ითვალისწინებს და არც ერთ საკუთარ ქვეყანაში ამას არ ატარებენ. სთხოვენ სხვა ქვეყნებს - მარტივი მიზეზის გამო. ეს არის პროცედურა, რომლითაც ცდილობენ, მოიპოვონ ზემოქმედების ბერკეტი სხვა ქვეყნის მართლმსაჯულებაზე.

ჩვენ ვნახეთ, ამ პროცესს მოლდოვაში ატარებს ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე. ქალბატონი ნონა წოწორია, რომლის დროსაც საქართველოში წამების სისტემა შეიქმნა - გენპროკურორის მოადგილე იყო მაშინ, როდესაც იყო სახელმწიფო რეკეტი, წამების სისტემის შექმნა, მკვლელობები, რომელსაც სახელმწიფო ხელს აფარებდა. ეს ადამიანი მოლდოვაში არის მთავარი, ასე ვთქვათ, ჟიურის წევრი, მოსამართლეების შერჩევასა თუ გადარჩევაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.