პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება ნატოს წევრ რუმინეთსა და ჰოლოკოსტით დაზარალებულ ებრაელთა სახელმწიფო ისრაელში - ასე რომ, გაყოფა მთლად ასეც არ არის! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე გააკეთა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების თარიღის 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღნიშვნის თაობაზე ოპოზიციის წარდგენილი ინიციატივა ცხარე დისკუსიის საგანი გახდა.
პროექტის ავტორებმა საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს, რაც უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. შესაბამისად, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ბიურომ მხარი არ დაუჭირა.
როგორც დებატებისას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, 9 მაისი არასწორი თარიღი არ არის. მან ამ კონტექსტში დროის სარტყელზე გაამახვილა ყურადღება.
„როდესაც გერმანიის კაპიტულაციის აქტს ხელი მოეწერა, ეს იყო 8 მაისი, 23:00 საათი. ბერლინში საღამოს 11:00 საათი იმას ნიშნავს, რომ თბილისში დილის 02:00 საათი იყო - ამიტომ თბილისში იყო 9 მაისი, ბერლინში - 8 მაისი. შესაბამისად, ორივე თარიღი მისაღებია“, - განაცხადა სამხარაძემ ბიუროს სხდომაზე.
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრების მხრიდან აქცენტი იმაზეც გაკეთდა, რომ თავად ომის ვეტერანებისათვის ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სწორედ იმ ადამიანების აზრის გათვალისწინებაა საჭირო, ვინც ეს დღე მოიტანეს.
კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ უმრავლესობას მიმართა, რომ საქართველო ფაშიზმზე გამარჯვებას უნდა აღნიშნავდეს ევროპის ქვეყნებთან და არა რუსეთთან ერთად, რაც მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მდგენელია.
“რუსეთი 9 მაისს, როგორც იდეოლოგიურ იარაღს ე.წ. Русский мир-ის ჩამოსაყალიბებლად იყენებს. საქართველოსთვის, რომელმაც განაცხადი ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოპოვებაზე შეიტანა, მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, რომ ფაშიზმზე გამარჯების დღე მაინც აღინიშნოს, როგორ ეს ევროპულ ქვეყნებში აღინიშნება“, - განაცხადა ვაშაძემ ბიუროს სხდომაზე.