„ქარბუქი, შტორმი და ძლიერი ქარი“ - გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ
1771317504
თქვენ უარს ეუბნებით ქართველ ხალხს ისეთი ოჯახის წევრობაზე, სადაც მოხუცს აფთიაქში წამლის ფასი არ შეაშინებს, სადაც თავისუფალ ადამიანს, ტროტუარზე განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო, ციხეში არ გაუშვებენ, სადაც დროებით დანიშნული ჩინოვნიკები ვერ შეუშლიან ქართველ ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაში მიიღონ ღირსეული განათლება, სადაც ადამიანები, სიდუხჭირისგან თავის დაღწევის გამო, არ იფიქრებენ საკუთარი ქვეყნიდან გაქცევას და სადაც კორუფციით ნაშოვნ ფულს ყველა კორუმპირებულს უკან მოატანინებენ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საპარლამენტო ფრაქციის „საქართველოსთვის“თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ პარლამენტში პრეზიდენტის წლიური მოხსენების წარდგენის ფარგლებში განაცხადა.
მისი თქმით, თუ გინდათ, ხელისუფალი გერქვათ, გადადგით ჰუმანური ნაბიჯები.
„მართალია, თქვენ არ ხართ ქართველი ხალხის რჩეული პრეზიდენტი,მაგრამ თქვენ ივანიშვილის პირადი პრეზიდენტი ბრძანდებით, რაც პირველივე გამოსვლაში დაადასტურეთ, როდესაც პირველივე სიტყვით მადლობა არა ქართველ ხალხს და საკუთარ სამშობლოს, არამედ ბიძინა ივანიშვილს გადაუხადეთ. პირველი გამოუსწორებელი შეცდომა, რაც თქვენ ჩაიდინეთ, გახლავთ ის, რომ აქციებზე ქალების და ბავშვების დამასისხლიანებელი, „ნაცმოძრაობის“ დროინდელი ჯალათი, მაგნიცკის სიით სანქცირებული ხარება და მისი რაზმი დააჯილდოვეთ ღირსების ორდენით. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ამ პირობებშიც კი, თქვენ შეგეძლოთ, თქვენი ერთადერთი რეალური უფლება გამოგეყენებინათ და მოქცეულიყავით ისე, როგორც ხალხის პრეზიდენტი და უსამართლოდ დატყვებული სტუდენტებისახლში გაგეშვათ, რაც ვერ გააკეთეთ და მხოლოდ ივანიშვილის პრეზიდენტად დარჩენა ამჯობინეთ. მშვიდობაზე და დეპოლარიზაციაზე საუბრობთ, მაგრამ თქვენ ეს ნაბიჯი ვერ გადადგით. და არა მხოლოდ გინება, ეს ჰუმანური აქტიც პოლიტიზირებულ ინსტრუმენტად აქციეთ. ნუ ვაჭრობთ ადამიანების ბედით! გამკაცრებული კანონებით კი, ნუ ცდილობთ, აღიარება მოიპოვოთ, თუ ხელისუფალი გინდათ გერქვათ, გადადგით ჰუმანური ნაბიჯები.
მართლა თუ გსურთ პოლიტიკური ვითარების ნორმალიზება, დაძაბულობის დეესკალაცია და პრეზიდენტის სტატუსის მოპოვება, რამდენიმე დღეში ჩვენი საპარლამენტო გუნდი საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც 2024 წლის ნოემბერიდან – 2025 წლის სეტემბრის ჩათვლით საქართველოში განვითარებულ საპროტესტო აქციებში დაკავებულ და დაჯარიმებულ მშვიდობიან მოქალაქეებს შეეხებათ. მოგმართავთ ამ ტრიბუნიდან, მხარი დაუჭირეთ ამ კანონპროექტს, გაათავისუფლეთ ისედაც გაჭირვებული ადამიანები 5000-10 000-ლარიანი ჯარიმებისგან, გაათავისუფლეთ დატყვევებული ახალგაზრდები, რომლებიც „ოცნების“ ამომრჩეველსაც კი ხინჯად აქვს გულში გაჩხერილი. მხოლოდ ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ გექნებათ უფლება, თამამად ისაუბროთ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე დეპოლარიზაციასა და ქვეყნის დამშვიდებაზე. ეს იქნება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევასა და დემოკრატიული სტაბილურობის აღდგენას. ჩათვალეთ, რომ ეს მეორე შანსია, გამოიყენეთ ეს შანსი, აირჩიეთ, ვისი პრეზიდენტი გინდათ იყოთ – ივანიშვილის თუ ქართველი ხალხის“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.