სენატორი ბენ კარდინი საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებების“ კანონის მიღებას გმობს

ბენ კარდინი

ამერიკელმა სენატორმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბენ კარდინმა, განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებების“ კანონის მიღება დაგმო.

მისი მოსაზრებით, ეგრეთ წოდებული „ოჯახური ღირებულებების“ კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს ხელისუფლებას, აკრძალოს საჯარო ღონისძიებები, სიმბოლოები და მედია კონტენტი, რომელიც იძლევა ფართო ცენზურას და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.

„რუსეთის შთაგონებით მიღებული ეს უკანასკნელი კანონი, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო, კიდევ ერთი შემაშფოთებელი ნაბიჯია ადამიანის უფლებებისადმი საქართველოს ერთგულებისა და ევროატლანტიკურ დემოკრატიულ ღირებულებებთან მისადაგებაში. ე.წ. „ოჯახური ღირებულებების“ კანონი წარმოადგენს თავდასხმას შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებაზე.

შეერთებული შტატები გააგრძელებს მთავრობის მიერ დარბევის მონიტორინგის და პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ. საქართველოს ხალხი - თავისი ამაყი ისტორიით და თავისუფლების ღრმა სურვილით, იმსახურებს იმავე უფლებებს, რაც ამერიკაში გვაქვს და ჩვენი ქვეყანა მათ გვერდით დგას მომავლისკენ, რომელიც ყველასთვის დემოკრატიულ ღირებულებებსა და უფლებებს მოიცავს", - განაცხადა ბენ კარდინმა.

პარლამენტის 81-მა დეპუტატმა მეორე მოსმენით ე.წ. "ოჯახური ღირებულებების დაცვის" ლგბტქ+ თემის მიმართ დისკრიმინაციულ კანონპროექტს მხარი გასულ თვეს დაუჭირა.

საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს დღეს გაკეთებული განცხადებით, ევროკავშირი გმობს „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას.