საზოგადოებაში პესიმიზმი სუფევს - გვგონია, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი მხსნელი უნდა მოვიდეს, ეს ასე არ იქნება! - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სტუდენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საზოგადოებაში პესიმიზმი სუფევს და ყველა "ახალი მხსნელის" გამოჩენას ელოდება, თუმცა ასეთი არავინ გამოჩნდება.

"საზოგადოებას, კერძო ადამიანებს, მოქალაქეებს თუ მოვუსმენთ, მათ ბევრად უკეთ იციან, რა არის ის ბოძი, რომელზეც ეს ქვეყანა დგას, ვიდრე ის, რასაც გვაჩვენებენ. სარკეში კი არ ვიყურებით, ვიყურებით შექმნილ რეალობაში, რომელიც არის ცუდი, არა დამაიმედებელი. პესიმიზმი სუფევს საზოგადოებაში, მინდობილები ვართ რაც ხდება და არ გვგონია, რომ შეგვიძლია ეს საზოგადოებიდან შევცვალოთ, გვგონია, რომ კიდევ ერთი მხსნელი უნდა მოვიდეს, რომელიც ამას გადაწყვეტს და გააკეთებს - ეს ასე არ იქნება!

ან ჩვენ შევძლებთ და მე ვარ თქვენი ერთი ნაწილი, ან თუ ვერ შევძლებთ, სხვა არავინ გაგვიკეთებს, არც უცხოელი, არც ვიღაც ქართველი ახალი ბელადი. ამიტომ ძალიან რეალურად შესაძლებლობა არსებობს ამ ქვეყანაში და ვხედავთ ამას. ერთია, ინტერესი გააჩინო და მეორე, რომ შეგხედონ და დაინახონ არაფრის გამკეთებელი არ ხარ. ამ მდგომარეობაში ვართ ჩვენ. უკრაინის ომმა გააჩინა სულ სხვანაირი რეალობა. შეცვალა მთლიანად ევროპა და ევროპისკენ მიმავალი მისი და ჩვენი გზა. შეცვალა დიდი ხნით რუსეთი. როგორი იქნება ხვალინდელი რუსეთი ვერ ვიტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ არ იქნება ისეთი, როგორიც იყო ომამდე.

შეიცვალა ამერიკა. დაბრუნდა ამერიკა ევროპაში და არის ევროპელებთან მჭიდრო კავშირში. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ იმისთვის, თუ სად ვართ, რა რეალური შანსები არსებობს დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, იმ დროს როცა ჩაიკეტა რუსეთი. ამდენად, ჩვენი რეგიონი ხელახლა იძენს ძალიან სერიოზულ დანიშნულებას ტრანზიტისა და ენერგეტიკისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ვიძენთ უფრო მეტ მნიშვნელობას და ეს ასე იქნება თუ ჩვენ არ გვეცოდინება როგორ უნდა დავდგეთ ამ როლში. მზადყოფნა ნიშნავს, რომ საზოგადოება უნდა იყოს მზად. საზოგადოება უნდა წარადგენდეს თავის მოთხოვნებს და არ უნდა აკეთებდეს იმის მიხედვით ხელისუფლება და ოპოზიცია რას იტყვის ან არ იტყვის. თავისი მიმართულება, გეზი უნდა ჰქონდეს, რომ ჩვენ ვიცოდეთ, დავინახოთ სად არის საქართველო მსოფლიოში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.