პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვლადიმერ პუტინის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას თბილისში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ვიზების გაუქმებას და პირდაპირ ფრენებს - პარტნიორების პირდაპირი გაფრთხილება მოსდევს. ჩნდება კითხვაც - რა ჩაიფიქრა კრემლმა და რატომ მაინც და მაინც ახლა, მაშინ, როცა საქართველო ევროპული პერსპექტივის მოლოდინშია?
სანამ საერთაშორისო პარტნიორები რისკებზე მსჯელობენ, საქართველოში პოზიციები იყოფა. დასავლეთის შეშფოთებას საქართველოს მთავრობა პრაგმატულ პოლიტიკას უპირისპირებს.
"ფრენები არასანქცირებული თვითმფრინავებით არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი" - აცხადებს პრემიერ-მინისტრი, რომელიც მეგობრებს ურჩევს, ამ ფაქტს გაგებით მოეკიდონ.
ხელისუფლება იმ მილიონამდე ქართველზეც საუბრობს, რომელიც უკვე 23 წელია ვიზით და შემოვლითი გზით მოძრაობენ რუსეთში, განსხვავებით რუსებისგან, რომლებისთვისაც საქართველოს საზღვარი 2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
ოპოზიციის ნაწილი ახლა წლების წინ მიღებული გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, პრეზიდენტი კი უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის ინიციატივით გამოდის.
რუსეთი ქართველებისთვის საზღვარს ხსნის - ვინ როგორ აღიქვა გზავნილი მოსკოვიდან?
ერთი ხელმოწერით მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილება ისევ ცალმხრივად შეიცვალა. განკარგულება ნომერი 335-ით, რომელიც ძალაში ხვალიდან შევა, რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს. უქმდება პირდაპირი ავიარეისების აკრძალვაც. ვლადიმერ პუტინის ნაბიჯმა, თბილისში აზრები ორად გაყო.
რას ნიშნავს რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოსთვის - ეკონომიკის მინისტრი მთავარ აქცენტს, რუსეთში მყოფ მილიონამდე ეთნიკურ ქართველზე და ტურისტულ ბაზარზე აკეთებს. ლევან დავითაშვილი ამბობს იმასაც, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსკოვიდან მხოლოდ ის არასანქცირებული ავიაკომპანიები იფრენენ, რომლებიც რუსეთიდან რეისებს სხვა ქვეყნებში მათ შორის ისრაელში, არაბეთში, ჩინეთში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ახორციელებენ.
საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს რომ ხელს ვერაფერი შეუშლის, მათ შორის კრემლის ცალმხრივი გადაწყვეტილება, ეს ქვეყნის პირველმა დიპლომატმაც დაადასტურა. საგარეო საქმეთა მინისტრი, იმ დადებით გარემოებებზე საუბრობს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში, საქართველოს მილიონზე მეტ მოქალაქეს შეეხება.
რუსეთის გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა საქართველოს პრეზიდენტისთვის - სალომე ზურაბიშვილის აზრით, ადეკვატური საპასუხო ნაბიჯი, ჩვენი ქვეყნის მხრიდან, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესება იქნება.
პრეზიდენტის პათოსს იზიარებს საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი, თუმცა ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანამ რუსეთის გადაწყვეტილებით უნდა ისარგებლოს.
პოლიტიკური ამნეზია ყოფილებზეც და მოქმედებზეც გავრცელდა - ის, რაც წლების წინ ყოფილმა პრეზიდენტმა თავად გააკეთა, წლების შემდეგ პატიმარ პაციენტს აღარ ახსოვს. ეს იმ წერილითაც დასტურდება, რომელიც მოსკოვის გადაწყვეტილების შემდეგ პალატიდან მოიწერა. თუმცა, სატელევიზიო არქივიც და ისტორიაც ყველაფერს ინახავს.
მმართველ გუნდს ოპონენტებისთვის იმ გადაწყვეტილების შეხსენება მოუწია, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე, რუსეთთან არსებული სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ახსოვთ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის გაწევრიანებაზე ისევ სააკაშვილის მხარდაჭერაც, რის სანაცვლოდაც მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, ჩვენს ქვეყანას არაფერი მიუღია.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს ყველაფერი დეტალურად აუხსნა და მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოში სანქცირებული თვითმფრინავებით ფრენა არ შესრულდება. პრემიერ-მინისტრისთვის მისასალმებელია ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრებას, ბიზნესის კეთებას და გადაადგილებას გაუმარტივებს.
23 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთში გადაადგილებას ვიზის გარეშე შეძლებენ. თითქმის 4 წლიანი პაუზის შემდეგ კი, ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა ისევ აღდგება. თუმცა, ერთი განსხვავებით: საქართველოს ცა სანქცირებული რუსული ავიაკომპანიებისთვის ისევ ჩაკეტილი დარჩება.