1784020802
საქართველოში თურქეთის ელჩი თურქეთში 2016 წლის 15 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოში თურქეთის საელჩო 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ელჩ მუსტაფა თურქერ არის განცხადებას ავრცელებს.
განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ტერორიზმი, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. არცერთი ტერორისტული აქტი, არ შეიძლება, მიიჩნეოდეს ლეგიტიმურად მისი მიზნებისა თუ გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე. დღეს ჩვენ მოწმე ვართ, თუ რაოდენ დამანგრეველია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში ტერორისტული ორგანიზაციების ქმედებები.
თურქეთი, როგორც ტერორიზმისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა, მოწინავეა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. აქედან გამომდინარე, ვაგრძელებთ მუშაობას ორმხრივ და მრავალმხრივ პლატფორმებზე, რათა შეიქმნას კიდევ უფრო ეფექტური ანტიტერორისტული მექანიზმები.
2016 წლის 15 ივლისის ღამეს სახელმწიფომ და ერმა მტკიცე წინააღმდეგობა მგაუწია გადატრიალების სახით შენიღბულ ოკუპაციის მცდელობას. 15 ივლისის ტერორისტულმა აქტმა, რომლის მიზანიც თურქეთში დემოკრატიულად არჩეული მთავრობის, პრეზიდენტისა და კონსტიტუციური წყობის დამხობა იყო, მსოფლიოს აჩვენა უცხოეთიდან მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაციის, FETÖ-ს ბნელი სახე. 253 ჩვენი თანამოქალაქის, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს იმ ღამეს, სიკვდილზე პასუხისმგებელი პირები წარსდგებიან სამართლისა და თურქი ერის წინაშე.
ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ მრავალშრიანი, საერთაშორისო, უნიკალური, ტერორისტული, ორგანიზებული დაჯგუფებაა, რომელიც საკუთარი დღის წესრიგის შესაბამისად მოქმედებს ხან სამოქალაქო საზოგადოების, ხან საგანმანათლებლო დაწესებულებების, ხანაც რელიგიური გაერთიანების საფარქვეშ. იგი ცდილობს არა მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოსა და უწყებებში, არამედ ყველა იმ ქვეყნის ინსტიტუციებში ინფილტრაციას, სადაც წარმოდგენილია საკუთარი ფარული დღის წესრიგით. ეს ორგანიზაცია ჩართულია მრავალ უკანონო საქმიანობაში, რაც საფრთხეს უქმნის იმ ქვეყნების საზოგადოებრივ წესრიგსა და სამართალს, სადაც ის მოქმედებს, მათ შორისაა: გადასახადებისგან თავის არიდება, ფულის გათეთრება, ვიზებისა და თავშესაფრის განაცხადებთან დაკავშირებული თაღლითობა, ტრეფიკინგი, შანტაჟი და მკვლელობაც კი. იგი არ ერიდება რელიგიური ღირებულებებით მანიპულაციას, ბოროტად სარგებლობს ჰუმანიტარული დახმარებით, განათლებითა და ვაჭრობით. თურქეთი აგრძელებს FETÖ-სა და სხვა ეროვნული და საერთაშორისო საფრთხეების წინააღმდეგ უკომპრომისო და შეურიგებელ ბრძოლას. ამჟამად ჩვენი ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად ამ დაჯგუფების გლობალური საქმიანობა ჩაშლილია და ყოველთვის ამავე ბედს გაიზიარებს. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ტერორისტული ორგანიზაცია ცდილობს, დარჩეს მედიის დღის წესრიგში საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენისა და ყალბი ინფორმაციების გავრცელების გზით.
ტერორისტული საფრთხის ეფექტური განეიტრალება შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო დონეზე კონკრეტული თანამშრომლობის გზით. ამ მხრივ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა ქვეყნებს შორის თანამშრომლობამ. 2016 წლის 15 ივლისი იყო ჩვენი ერის ნების გამოხატულება, რაც ჩვენთვის უდიდესი საწინდარია ტერორისტული ორგანიზაციის, „FETÖ-ს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. თურქი ხალხის გულში გამორჩეული ადგილი უკავიათ იმ სახელმწიფოებსა და საზოგადოებებს, რომლებიც მხარს უჭერენ თურქეთს ამ ბრძოლაში.
15 ივლისის, დემოკრატიისა და ეროვნული ერთიანობის დღესთან დაკავშირებით პატივს მივაგებთ გმირულად დაღუპულების, ჩვენი თანამოქალაქეების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად წინააღმდეგობა გაუწიეს გადატრიალების მცდელობას“.










