„საქართველოში „რაღაც" აუცილებლად მოხდება, ჩვენს გარშემო ყველა ქვეყანა იბრძვის..." - მამუკა არეშიძე მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს 

mamuka areshidze

კავკასიის რეგიონში  პოლიტიკური ვითარება სულ უფრო და უფრო იძაბება. უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომის შემდეგ, ერთმანეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები სომხეთმა და აზერბაიჯანმა განახორციელეს.

განვითარებული მწვავე მოვლენების ფონზე, კვლავ გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, რომ საქართველო ამ პროცესებიდან “ხელშეუხებელი“ ვერ გამოვა. ამ საკითხზე საუბრობენ ოკუპირებული აფხაზეთშიც.

ინფორმაციას, რომ გარკვეული ჯგუფები საქართველოში პროვოკაციების მოწყობასა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას ცდილობენ, „პრაიმტაიმთან“ ადასტურებს კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე. როგორც ის აცხადებს, ქვეყანა ყველაფრისთვის, მათ შორის, სამხედრო მოქმედებებისთვის უნდა მოემზადოს.

„რეგიონში რთული ვითარებაა. როგორც ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ომში ჩართვის საფრთხეები არსებობს, ასევე ფიქრობენ სოხუმსა და ცხინვალში, ეს უნდა თუ არ უნდა ოფიციალურ თბილისს. არსებობენ ბარიკადის მეორე მხარეს პოლიტიკური ძალები, რომლებსაც საქართველოს სამხედრო აქტიურობა უნდათ. საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები დღემდე არის, აღნიშნული ინფორმაცია ჯერ კიდევ 4 მარტს მქონდა და ეს გამოწვევა გამოწვევად დარჩა.

ჩვენს გარშემო ყველა ქვეყანა იბრძვის და არ შეიძლება საქართველო კუნძულივით იყოს, რაღაც აუცილებლად მოხდება. რაღაც ისეთი უნდა მოხდეს, რაც განაპირობებს საქართველოს მხრიდან სამხედრო-პოლიტიკურ მოქმედებას. ამ ყველაფრის ლიკვიდაციისთვის მუდმივად უნდა ვემზადოთ. 

ჯერჯერობით, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებას არ ველი, მაგრამ პროვოკაციები იქნება, რასაც აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ. აზერბაიჯანი-სომხეთის ომი კარგა ხანს არ დამთავრდება. ომი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე აზერბაიჯანი თავისას არ მიაღწევს. აზერბაიჯანის მაქსიმალური პრობლემა არის ყარაბაღის დაბრუნება, ხოლო მინიმუმი კორიდორის გაჭრა სომხეთის ტერიტორიაზე, რასაც თავის დროზე სომხეთმა ხელი მოაწერა“,- განაცხადა არეშიძემ. 

აღსანიშნავია, რომ გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოში ომის დაწყების რეალური საფრთხე არსებობს. მისი თქმით, აღნიშნულ განცხადებას კავკასიის რეგიონში განვითარებული მოვლენები ამყარებს.