საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, ბურჯ ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდა

ბურჯ ხალიფა

საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით, დუბაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, ბურჯ ხალიფა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის საქართველოს დროშის ფერებში განათება უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-სა და საქართველოს მთავრობას შორის დღეს გაფორმებულ შეთანხმებას უკავშირდება, რომლის თანახმად, კომპანია თბილისსა და გონიოში მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტების განხორციელებაში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

სწორედ აღნიშნული კომპანიის სახელს უკავშირდება ისეთი ფართომასშტაბიანი პროექტების განვითარება, როგორიცაა მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა ბურჯ ხალიფა, ასევე დუბაის სავაჭრო ცენტრი, რომელსაც ყოველწლიურად 110 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმებას ხელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.