საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეცხრე რაუნდი გაიმართა

საქართველოსა და ჩინეთის

2025 წლის 21 ივლისს, პეკინში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეცხრე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და თანამშრომლობის გაფართოების საკითხები ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მიმართულებებით, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, ხაზი გაესვა ერთობლივ პროექტებს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში.

„ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოხატა, კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი როლი როგორც „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის, ისე „შუა დერეფნის“ განვითარებაში, მათ შორის რეგიონული თანამშრომლობის ახალ ინიციატივებში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და გამოწვევები.

ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მიმართ, ჩინეთის მხარემ კი – საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო პერიოდში განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებს, რომლებიც თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს.

შეხვედრას უძღვებოდნენ ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო ჩინეთის მხრიდან – მინისტრის მოადგილე ლიუ პინი“, – ნათქვამია ჩინეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.