საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი დღეს ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა

გეკა გელაძე

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქართულ დელეგაციას თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიქაია უმასპინძლებს.

„ვიზიტის ფარგლებში მინისტრი თურქ კოლეგასთან ორმხრივ ფორმატში შეხვედრას გამართავს, რომლის დროსაც განხილული იქნება ქვეყნებს შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა, მისი გაღრმავების პერსპექტივები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.

გარდა ამისა, გეკა გელაძე თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფებსაც ეწვევა და ადგილზე გაეცნობა მათ სამუშაო სპეციფიკასა და ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.