საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

სამხარაძე

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს, სორენ გადეს შეხვდნენ.

მხარეებმა საქართველოსა და დანიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

შეხვედრისას საპარლამენტო ურთიერთობების აქტიური დინამიკა აღინიშნა და ამ ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავებისთვის მხარეებმა  მზაობა გამოხატეს.

ქართველმა კანონმდებლებმა დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ურყევი ნების და ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრისას, ასევე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია და მისი გავლენა როგორც საქართველოზე, ასევე, გლობალურ  უსაფრთხოებაზე.

ისაუბრეს  ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე. 

„დანიის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა.  განვიხილეთ როგორც საპარლამენტო ურთიერთობები, ასევე, თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები. დანიის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია 2023 წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს და ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადება დაიწყოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.