საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე პროცესები კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს როლს შუა დერეფანში - თამარ იოსელიანი

თამარ იოსელიანი

საპროექტო მაჩვენებლებით, გამტარუნარიანობა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ბაქო-თბილისი-ყარსისი სარკინიგზო ხაზზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გაზრდილი ტვირთნაკადების ფონზე მნიშვნელოვანია ქსელის ეფექტიანი მართვა, რის უზრუნველყოფასაც საქართველოს რკინიგზა, როგორც ოპერატორი, განახორციელებს.

„2017 წლიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ქსელი სატესტო რეჟიმში მუშაობდა. თუ ტენდენციას დავაკვირდებით, ნაკადები მკვეთრად მზარდი იყო. მაგალითად, 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, ქსელის დატვირთულობა 6-ჯერ გაიზარდა. შესაბამისად, უნდა აღინიშნოს, რომ საპროექტო მაჩვენებლებით გამტარუნარიანობა 1 მილიონი ტონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზარდა. ჩვენ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეფექტური მართვა გვჭირდება და ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ საქართველოს რკინიგზა იქნება ოპერატორი აღნიშნულ ქსელზეც“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ბიზნეს პარტნიორში“ სტუმრობისას.

მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს სწრაფ, ეფექტიან და პროგნოზირებად სატრანსპორტო მარშრუტს.

„თუმცა, იმისთვის, რომ ამ ქსელზე ოპერირება ეფექტიანი იყოს და შეიქმნას ის სინერგია, რომელსაც „საქართველოს რკინიგზა“ ქვეყნის ტერიტორიაზე ტვირთების გადაზიდვის კუთხით უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, ორივე მხარის გადაწყვეტილებით, კომპანია ამ მაგისტრალის ოპერატორიც უნდა იყოს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ სწრაფი, სწორი, ეფექტური და პროგნოზირებადი მარშრუტის ჩამოყალიბება“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილის შეფასებით, საქართველოს რკინიგზის როლი განხილული უნდა იყოს საქართველოში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის კონტექსტში.

„რეფორმებს, რომლებსაც სატრანსპორტო მიმართულებით ვახორციელებთ, ერთ დიდ სურათში ვუყურებთ და ეს ნიშნავს იმას, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც სწორედ ამ პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე პროცესები, ცხადია, კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენი ქვეყნის როლს შუა დერეფნის კონტექსტში. შესაბამისად, ჩვენი მიზანი, ვიყოთ სატრანსპორტო ჰაბი და ამ კუთხით მოვემსახუროთ რეგიონს, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.