1692302192
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და უწყების სხვა თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და უწყების სხვა თანამშრომლები, სამსახურის 31 წლის იუბილეზე დააჯილდოვა.
მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თანამშრომლებსა და ვეტერანებს, ერთგული და კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო- ღირსების ორდენი, პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს გადასცა.
სახელმწიფოს ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო -„ღირსების მედალი“ გადაეცა უწყების 4 თანამშრომელს, მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედულებისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ გადაეცა უწყების 5 თანამშრომელს.
პრეზიდენტის განცხადებით, ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი, სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში.
„თქვენ გაკისრიათ უმნიშვნელოვანესი, საპატიო და ამავდროულად ურთულესი მისია - დაიცვათ სახელმწიფოს უსაფრთხოება და იყოთ ეროვნული სიმშვიდის გარანტი. სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ თითოეული თქვენგანი ამ მისიას თავს წარმატებით ართმევთ,“- განაცხადა პრეზიდენტმა.