ლოცვა, რომელიც დღეიდან დილას და საღამოს იკითხება
1771832155
საქართველოს პარლამენტის სასახლეში 1921 წლის 23 თებერვალს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორი-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
„დღევანდელი დღე გვახსენებს, რომ კრიტიკულ მომენტში, როცა ჩვენს ქვეყანას დაცვა სჭირდება, ქართველები ყოველთვის გმირობისთვის არიან მომართულნი. ამავე დროს, ეს დღე გვახსენებს, რომ ის გამოწვევები, რომელიც საქართველოს ისტორიულად ყოველთვის ჰქონდა, არსად წასულა. წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, ვხედავთ, ჩვენს თვალწინ ინგრევა და ფაქტობრივად, სამყაროში იგივე წესები ამოქმედდა, რაც 100 წლის წინ იყო. ამ მხრივ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ნებისმიერ ხელისუფალს, რომ თავიდან აიცილოს ამგვარი კატასტროფები. მნიშვნელოვანია, გმირებისთვის პატივის მიგებასა და მათ მუდმივ გახსენებასთან ერთად, ვიცოდეთ, რომ ჩვენ ცოცხალი გმირები გვჭირდება და ეს სწორედ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
დღეს მნიშვნელოვანია, 1921 წლის გმირებთან და ჩვენს თანამედროვე გმირებთან ერთად, ყოველთვის ვფიქრობდეთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნებაა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტის სასახლის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ.