ტრამპი: უზენაესმა სასამართლომ გაუცნობიერებლად მიბოძა იმაზე მეტი უფლებამოსილება, ვიდრე მათ დებილურ და საერთაშორისო დონეზე განხეთქილების მომტან გადაწყვეტილებამდე მქონდა

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და კიდევ ერთხელ აკრიტიკებს უზენაეს სასამართლოს ტარიფებზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო. როგორც ტრამპი TRUTH SOCIAL-ზე წერს, ამ გადაწყვეტილებით მას კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება მიანიჭა სასამართლომ.

„აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ (პატარა ასოებს გამოვიყენებ, მათ მიმართ დროებით უპატივცემულობის ნიშნად) შემთხვევით და გაუცნობიერებლად მიბოძა, როგორც აშშ-ის პრეზიდენტს იმაზე მეტი ძალა და უფლებამოსილება, ვიდრე მათ სასაცილო, დებილურ და საერთაშორისო დონეზე განხეთქილების მომტან გადაწყვეტილებამდე მქონდა. ერთი მხრივ, ლიცენზიების გამოყენებით შემიძლია, აბსოლუტურად საშინელი რაღაცები გავაკეთო უცხო ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში გვღალატობდნენ, მაგრამ, ჭკუის გარეშე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ლიცენზიის საფასურს ვერ დავაკისრებ. ყველა ლიცენზია გულისხმობს საფასურს, რატომ არ შეუძლია ამის გაკეთება შეერთებულ შტატებს?“, – წერს დონალდ ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სხვა ტარიფები, რაც დაწესდა, კიდევ უფრო მძლავრად და სრული სამართლებრივი სიზუსტით იქნება გამოყენებული, ხოლო აშშ-ის სასამართლო, ტრამპის აზრით, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების სასარგებლოდ მოქმედებს და შემდეგი გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭებას.

„შემდეგი რაც მოხდება, იქნება ის, რომ ჩინეთისა და სხვების სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ვინც დაბადებისთანავე მოქალაქეობის მინიჭებით უდიდეს ფულს შოულობს და იტყვიან, რომ მე-14 შესწორება „მონების შვილებისთვის“ კი არ იყო დაწერილი, რაც სწორედ ის არის და ზუსტად დასტურდება მისი შემუშავებისა და რატიფიცირების დროით, რომელიც სრულყოფილად ემთხვევა სამოქალაქო ომის დასასრულს. ამაზე მეტი სიზუსტე სად იქნებოდა? მაგრამ ეს უზენაესი სასამართლო მოძებნის საშუალებას, რათა მივიდეს არასწორ დასკვნამდე, ისეთამდე, რომელიც კვლავ გააბედნიერებს და გაამდიდრებს ჩინეთსა და სხვა ერებს“, – წერს ტრამპი.