1738323694
საქართველოს მიერ PACE-ში მუშაობის შეწყვეტის შესახებ სამეგრელოს უხუცესთა საბჭო განცხადებას ავრცელებს
„სამეგრელოს უხუცესთა საბჭო“ და საბჭოს თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია საქართველოს დელეგაციას ულოცავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას და ამასთანავე, იწონებს ქართული მხარის გადაწყვეტილებას ასამბლეის დატოვების შესახებ, როგორც ღირსებით ნაკარნახებ ნაბიჯს.
„საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დატოვება უაღრესად დიდი მნიშვნელობის ფაქტია. ამიტომ ქართველმა ხალხმა მას ობიექტური შეფასება უნდა მისცეს.
ქართული დელეგაციის დემარში გამოიწვია ასამბლეის გადაწყვეტილებაში ჩადებულმა დათქმამ, აპრილამდე ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ.
დელეგაციამ ევროპას აღიარებინა, რომ საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურია. ამ აღიარებას ასამბლეა ვერ გაექცევა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ, მათი გადაწყვეტილებით, პარლამენტი აპრილამდე ლეგიტიმური იქნება და აპრილის შემდეგ ლეგიტიმაციას დაკარგავს, რაც, რა თქმა უნდა, აბსურდია. ლეგიტიმაცია ობიექტურ რეალობაზეა დამოკიდებული და არა სუბიექტურ აღიარება-არაღიარებაზე.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებაში ჩადებული აღნიშნული დათქმა სხვა არაფერია, თუ არა იძულება; თუ არა საშინაო საქმეებში ჩარევა; თუ არა სუვერენიტეტის ხელყოფა. ეს დათქმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასაც, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნებასაც და საღ აზრსაც.
„სამეგრელოს უხუცესთა საბჭო“ საქართველოს დელეგაციას ულოცავს ასამბლეის მიერ არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას. ამასთანავე, იწონებს ქართული მხარის გადაწყვეტილებას ასამბლეის დატოვების შესახებ, როგორც ღირსებით ნაკარნახებს, მით უმეტეს, რომ ეს გადაწყვეტილება ისევე, როგორც საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება, ერთი დათქმითაა მიღებული. კერძოდ, თუ PACE შეცვლის თავის ქედმაღლურ და უსამართლო დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ, საქართველო მზად არის თანამშრომლობისთვის.
„სამეგრელოს უხუცესთა საბჭო“ მხარს უჭერს ევროპასთან თანამშრომლობას მხოლოდ თანაბარუფლებიანობისა და პარტნიორობის პირობებში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უფროსისა და ხელქვეითის დამოკიდებულებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას „სამეგრელოს უხუცესთა საბჭოს“ სახელით, უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია აწერს ხელს.